ცესკო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2024
გამოწერა
აუდიტის ჩატარება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას გეგმავს, ნათქვამია ცესკოს მიუერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელექტრონული საარჩევნო სისტემა საქართველოს კანონმდებლობაში 2023 წელს შემუშავდა, და უკვე 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ამ სისტემით ჩატარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს უფლება ექნება დააკომპლექტოს მთავრობა, რომელიც საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებას განსაზღვრავს.
აუდიტის ჩატარება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობის განხორციელებისას, განსაკუთრებით ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვის პროცესში, საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
ცესკოს ინფორმაციით, შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული, ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ აკრედიტებული საარჩევნო სისტემების ტესტირების ლაბორატორია PRO V&V ჩაატარებს. მას სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს.
კომპანია შეამოწმებს არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობას საერთაშორისო საარჩევნო პრინციპებთან და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან.
შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი - მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი - არჩევნებისთვის აპარატურის მომზადების პროცესზე დაკვირვებას და კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილების სიზუსტის დადგენას, მესამე ეტაპი კი - კენჭისყრის დღეზე დაკვირვებას.
საარჩევნო კანონმდებლობა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტს ითვალისწინებს ე.წ. ქაღალდის კვალის პრინციპით, რაც გულისხმობს პროცესის ყველა ეტაპზე ქაღალდის კვალის არსებობას. ქაღალდის კვალი იძლევა პროცესის ყველა ეტაპზე გადამოწმების, გაცნობის და მონიტორინგის შესაძლებლობას, ამასთან, კანონის შესაბამისად, ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები.
უწყების ცნობით, აუდიტის შედეგები ასახული იქნება დასკვნაში (ანგარიშში) და საჯარო გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
როგორც ცესკოში განაცხადეს, საარჩევნო ადმინისტრაცია ადასტურებს თავის მზაობას, მომავალშიც მიაწოდოს ინფორმაცია ამომრჩეველს საარჩევნო საკითხებზე და იმოქმედოს არჩევნების ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0