ვის და რისთვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ივანიშვილის განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია

© Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2024
გამოწერა
კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ახლა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო გამოსვლები ყოველ ჯერზე სულ უფრო სკანდალური ხდება და ვიდრე ძველი განცხადება დავიწყებას მიეცემა, ახალი ხმამაღალი განცხადებები ჩნდება.
ერთი თვის წინ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურ ორგანიზაციად გამოცხადებს შესახებ განაცხადა, ამ დღეებში კი ივანიშვილმა თქვა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ქმედებების გამო ოსების წინაშე ბოდიში უნდა მოვიხადოთ.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც წლების განმავლობაში ადანაშაულებენ „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური კურსიდან გადახვევაში, ახლა მას ადანაშაულებენ პრორუსული პოლიტიკის ღიად გატარებაში.
კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ახლა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები ამომრჩევლის თვალში ოპონენტის დისკრედიტაციისთვის არც ერთ შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან.
ემოციების ახალი ტალღა
ივანიშვილმა განცხადება, რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია გააკეთა გორში, რომლის მოსახლეობამაც 2008 წლის აგვისტოს ომის ყველა საშინელება საკუთარ თავზე გადაიტანა.
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", - განაცხადა ივანიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა აღნიშნა, არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ დაისჯება ყველა, ვინც დაიწყო ომი და გაანადგურა ქართულ-ოსური ძმური ურთიერთობები.
საქართველოს ბოდიშის მოსახდელი არაფერი აქვს - განაცხადეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ივანიშვილის განცხადებიდან მეორე დღეს კი გორში, ომში დაღუპულთა მემორიალთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
„ეს არის ჩვენი ერის შეურაცხყოფა და იგი ხელს კი არ უწყობს გაერთიანებას, პირიქით, მიმართულია იმისკენ, რომ კრემლი ასიამოვნონ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
„ჩვენს სამხედროებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს და მოსახლეობას ბოდიშის მოსახდელი არაფერი აქვთ“, - აღნიშნა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული განცხადებისთვის ბოდიში თავად ივანიშვილმა უნდა მოიხადოს.
„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა, - განაცხადა „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილის განცხადება ადასტურებს იმას, რომ დღეს „ქართული ოცნება" გადაიქცა რუსეთის ინტერესების გამტარ პარტიად.
„მძიმე არტილერია" პარტიის სამსახურში
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის განცხადებაზე განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ორშაბთს, დილით მან პრესკონფერენცია ჩაატარა და შეეცადა საზოგადოებისთვის უფრო უკეთ წარმოეჩინა ივანიშვილის განცხადების არსი.
„მათ, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე აწამა, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი მოვლენების მსხვერპლი არიან როგორც ქართველები, ისე ოსები, რომლებსაც შერიგების მისაღწევად ერთმანეთისთვის პატიების თხოვნა სჭირდებათ.
„როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ყველაზე მთავარ ეროვნულ მიზნად დაასახელა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
„მშვიდობიანი გზა გადის მხოლოდ შერიგებაზე. შერიგების გზა კი გადის მხოლოდ ერთ რამეზე - ურთიერთშენდობასა და სინანულზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
აღნიშნული თემის გარშებო ხელისუფლების ოპონენტების აჟიოტაჟს პარლამენტის სპიკერმა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ლუსტრაცია უწოდა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში უცხოეთიდან იღებდნენ მილიონებს თითქოსდა კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობისთვის, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთელი ოსი ხალხი მათთვის დამნაშავეები არიან და მათთან სალაპარაკო არაფერია.
„სინამდვილეში ისინი ვერ ხედავენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას... ოპოზიციის და ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0