პაპუაშვილი: ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერით ოპოზიცია არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2024
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება - ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის ემზადება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკური პარტიების ქცევის (ეთიკის) კოდექსი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა, 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ქცევის კოდექსს ხელი ექვსმა მოაწერა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის, კენჭისყრის შედეგების არაღიარებისა და ქვეყანაში არეულობის დაწყებისთვის. არ უნდა, ელემენტარულ სტანდარტზე აიღოს პასუხისმგებლობა. „მათ არ უნდათ ელემენტარულ სტანდარტზე აიღონ პასუხისმგებლობა", - დასძინა სპიკერმა.

„ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ უკვე 2012 წლიდან აქვთ. არც 2012 წლის არჩევნები აღიარეს, არც 2016-ის, არც 2020 წლის არჩევნები. სამივე არჩევნებზე დასჭირდათ დრო და წნეხი იმისთვის, რომ ეღიარებინათ შედეგები. რა თქმა უნდა, აქაც იგივე ლოგიკას მიჰყვებიან და აპირებენ, არ აღიარონ ეს არჩევნები, უკვე აქედანვე ამზადებენ საბაბს. იმედი მაქვს, ამას ყურადღებას მიაქცევენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“. ხელისუფლების თქმით, ისინი ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 9 სექტემბრიდან შეეძლოთ.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საყოველთაო არჩევნებზე გრძელდება. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისაგან და ირჩევა ოთხი წლის ვადით. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
სულ გაიხსნება 3.030 საარჩევნო უბანი, საიდანაც 2.262 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, დანარჩენში კი ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 27 პარტია დაარეგისტრირა და ბიულეტენში პარტიების რიგითობის ნომრები განსაზღვრა. პარტიების რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენაა, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.
საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ პარტიებს შეუძლიათ, ბლოკებისა და კოალიციების რეგისტრაცია აკრძალულია.
ყველა ახალი ამბავი
0