აშშ 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს

© AFP 2024 / LISA MARIE DAVIDენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2024
გამოწერა
საქართველოს იმ მოქალაქეების სია, რომელთა წინააღმდეგაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა, სულ უფრო იზრდება
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. აშშ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს"ორი წარმომადგენლის კვალდაკვალ, ქვეყანაში დემოკრატიის შელახვის გამო იღებს დამატებით ზომებს საქართველოს ათობით მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვის დაწესებისთვის, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ქონებისა და ორგანიზაციების ბლოკირებაზე.
„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იღებს დამატებით ზომებს 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში,“ - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს ვებგვერდზე.
მისი თქმით, ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები, ბლინკენის თქმით, ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0