მეტი სუფთა ჰაერი: თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უერთდება

© Sputnik / Alexander ImedashviliТთბილისი ავტომობილების გარეშე -აქცია
Тთბილისი ავტომობილების გარეშე -აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2024
გამოწერა
კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. თბილისი 16-22 სექტემბერს „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც უკვე მეოთხედ უერთდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წლევანდელი კვირეულის თემაა – „საერთო საჯარო სივრცე“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა.
„მობილობის ევროპული კვირეული“, ტრადიციულად, ყოველი წლის 16 სექტემბერს იწყება და სრულდება 22 სექტემბერს, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე. ღონისძიებაში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მობილობის სტაბილური განვითარებისკენაა მიმართული.
მერიის ცნობით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.
მობილობის კვირეულთან დაკავშირებით 21-22 სექტემბერს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
„კერძოდ, 21-22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე, პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ლონდონის პარკის მიმდებარედ, კანკავას ქუჩაზე მხოლოდ ფეხით მოსიარულეები იმოძრავებენ, რომელთაც სხვადასხვა აქტივობაში შეუძლიათ ჩართვა. მიცკევიჩის ქუჩაზე გაიმართება ავტობუსების გამოფენაც", - ნათქვამია განცხადებაში.
კვირეულის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ 16 და 21 სექტემბერს, 01:00 საათზე ესტუმრონ თბილისის მეტროს, ხოლო 21 სექტემბერს, 16:00 საათზე იგეგმება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობაზაში ვიზიტი. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა.
21 სექტემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მიცკევიჩის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, იმიტირებული ველორბოლა ჩატარდება.
ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცემათ.
ევროპის ბევრი ქალაქი 2002 წლიდან სექტემბერში აღნიშნავს მობილობის ევროპულ კვირეულს. კამპანია წარმოადგენს შესაძლებლობას ქალაქებისთვის – მოსახლეობას წარუდგინონ მობილობის ალტერნატივები და ახსნან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში წარადგენენ ახალ სატრანსპორტო ღონისძიებებს და ავრცელებენ ინფორმაციას მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე.
ყველა ახალი ამბავი
0