ცესკო: პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2024
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება - ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან პოლიტიკური პარტიების ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი ექვსმა მოაწერა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ქცევის კოდექსი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა, 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.
ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ აერთიანებს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 9 სექტემბრიდან შეეძლოთ.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საყოველთაო არჩევნებზე გრძელდება. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისაგან და ირჩევა ოთხი წლის ვადით. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
სულ გაიხსნება 3.030 საარჩევნო უბანი, საიდანაც 2.262 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, დანარჩენში კი ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 27 პარტია დაარეგისტრირა და ბიულეტენში პარტიების რიგითობის ნომრები განსაზღვრა. პარტიების რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენაა, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.
პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
პარტიული სიების წარდგენის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეამოწმებს ყველა დოკუმენტაციას და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას საბოლოო რეგისტრაციის შესახებ.
საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ პარტიებს შეუძლიათ, ბლოკებისა და კოალიციების რეგისტრაცია აკრძალულია.
ყველა ახალი ამბავი
0