თავდასხმები და პლაკატების განადგურება - „ქართულ ოცნებაში“ დარღვევებზე საუბრობენ
© courtesy of Levan Khabeishviliმმართველი გუნდის საწინააღმდეგო პლაკატები
© courtesy of Levan Khabeishvili
გამოწერა
მმართველი პარტიის დეპუტატმა თავისი სიტყვების დასტურად რამდენიმე ფაქტი და მაგალითი მოიყვანა
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ წარმოადგინეს ის დარღვევები ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების მხრიდან, რასაც პარტია წინასაარჩევნო კამპანიის დროს გადააწყდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
„რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებას, „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებსა და მომხრეებზე გახშირებულ თავდასხმებს, პოლიტიკოსთა და საჯარო მოხელეთა მიმართ შეურაცხყოფასა და მუქარას, სააგიტაციო მასალის განადგურებასა და გაყალბებას ეხება, რაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო სისტემატიურ ხასიათს იღებს“, - განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი მიქანაძემ.
ამის დასტურად დეპუტატმა რამდენიმე ფაქტი და მაგალითი მოიყვანა:
ძალადობის ფაქტები
25 აგვისტოს მიუნხენის აეროპორტში უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად საზღვარგარეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თავს დაესხა ნინო შველიძე და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „მალევე დადგინდა, რომ ამ სიტყვების ავტორი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია, ამასთანავე იგი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, ტიმოთი ბლაუველთის მეუღლეა. საყურადღებოა, რომ ამ შეურაცხყოფისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოც სწორედ ტიმოთი ბლაუველთის მიერ არის გადაღებული და გავრცელებული“, - განაცხადა მიქანაძემ.
პარტიის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება მას შემდეგ, რაც სოფელ გეგუთში ქართული ოცნების წევრების შტაბს „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი“, როლანდ ნუცუბიძე მიუვარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს უკანასკნელი ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
9 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გურიის მაჟორიტარ დეპუტატ, ვასილ ჩიგოგიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და მოძრაობა „ტალღას“ წევრი, ლევან ბროძელი შეხვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სიძულვილის კამპანიის დაწყება „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების, ოლიმპიური ჩემპიონების ლაშა ტალახაძის და გენო პეტრიაშვილის წინააღმდეგ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა გამოხატა და ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენით შეეცადა ზეწოლა განეხორციელებინა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ მედიის თანდასწრებით.
სიძულვილის ენის გამოყენება
„წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო, - აღნიშნა მიქანაძემ.
მისი თქმით, ეს პარტია თავის წინასაარჩევნო პლაკატებზე საკუთარ თავს „ევროპაში კეთილდღეობასთან“ აიგივებს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ასოცირებას უკეთებს „იზოლაციაში სიღატაკესთან“.
მან ასევე სიძულვილის ენის გამოვლინების მაგალითად მოიყვანა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ „სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის” სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლი, სადაც „ქართული ოცნების“ ბანერებზე წარწერების ტექსტი შეცვალეს და რეგიონებში დეზინფორმაციული ხასიათის პოსტერები.
ჩარევა წინასაარჩევნო კამპანიაში
ამ კუთხით მიქანაძემ დაასახელა „ოცნების“ პლაკატების ჩამოხევის ფაქტები აეროპორტის დასახლებაში და სხვა უბნებში, ასევე, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საბურთალოს რაიონში მოახდინეს „ქართული ოცნების“ პლაკატების გადაკვრა ნაციონალური მოძრაობის პლაკატებით.
მან ასევე საარჩევნო კამპანიაში ჩარევად შეაფასა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „მთავარმა“ ეთერში არ გაუშვა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამა, რაზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა და ტელეკომპანიას რეკლამის ეთერში გაშვება დააკისრეს.
არადეკლარირებული საარჩევნო აგიტაცია
„არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოლიტიკური საქმიანობა სულ უფრო აქტიურ სახეს იღებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე შეუძლებელია დესტრუქციულ ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამყოფი ხაზის დანახვა“, - განაცხადა მიქანაძემ.
აქ მან მაგალითად მოიყვანა ღონისძიებები „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომლებშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ აგიტაციას ეწევიან.
სიტუაციის შეფასება
„რადიკალები არ არიან სამართლებრივ პროცესზე ორიენტირებული და მათთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ და აღნიშნა, რომ მის მიერ მოყვანილ ფაქტებზე საერთაშორისო პარტნიორებისა და დამკვირვებლების მხრიდან არანაირ რეაგირებას არ ჰქონდა ადგილი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.