არჩევნები-2024: რამდენი საერთაშორისო დამკვირვებელი დაარეგისტრირა ცესკომ

© Courtesy of CEC of Georgiaცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2024
გამოწერა
განაცხადების შევსების და გადამოწმების შემდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის გვერდზე გამოაქვეყნებს დამკვირვებელთა რაოდენობას თითოეული ორგანიზაციიდან.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 13 სექტემბრის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით 14 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. საერთაშორისოების სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, უცხოურ ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ შემდეგ პრინციპებს:
საქართველოს კანონმდებლობის, მისი სუვერენიტეტის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
საარჩევნო პროცესის შეფერხებისგან თავის შეკავება;
პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრინციპების დეკლარაციით გაცხადებული დებულებების დაცვა.
13 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციები:
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
„არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპის ქსელი"
„აფრიკული სოლიდარობის ახალი სინერგია" (SNAS AFRICA)
„საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES)
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია
აშშ-ის არჩევნების ხელშეწყობის კომისია
ფიჯის საარჩევნო კომისია
ამერიკის საელჩო საქართველოში
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია
ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისია
უნგრეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია
თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო
მონტენეგროს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
განაცხადების შევსების და გადამოწმების შემდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის გვერდზე გამოაქვეყნებს დამკვირვებელთა რაოდენობას თითოეული ორგანიზაციიდან.
ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ორი დამკვირვებლისა და ერთი თარჯიმნისა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0