ბულინგი თუ დამსახურებული კრიტიკა? ოლიმპიური ჩემპიონები ყურადღების ცენტრში არიან

© Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი და ლაშა ტალახაძე
ბიძინა ივანიშვილი და ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2024
გამოწერა
ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა „ქართული ოცნების“ სახელით გადაწყვიტეს.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტების თვალში გმირებიდან მოღალატეებად გადაიქცნენ და მკაცრი კრიტიკის ობიექტებიი გახდნენ.
მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ტალახაძე და პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შევიდნენ, ინტერნეტ-სივრცეში ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო სექტორის ცნობილი წარმომადგენლების საკუთარ გვერდებზე მათი მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტები გამოჩნდა.
„ოლიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნების სფეროს თუ ბიზნესის უცნობ წარმომადგენლებს ლეღვის ფოთლის როლი დააკისრეს. ეს მართლაც გმირი ოლიმპიელები კენჭისყრის ღილაკზე ხელისდამჭერებად აქციეს“, - დაწერა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
მმართველი პარტიის დეპუტატობის დანარჩენ კანდიდატებს მან ცნობილი სახეები და რუსეთის მარიონეტები უწოდა.
ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა, რომელიც არის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და „ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის" დამფუძნებელი, ტალახაძის მისამართით მწვავე განცხადება გააკეთა.
„ტალახაძე ისტორიაში დარჩება, როგორც სტატისტიკა, რომლითაც ქვეყანა იამაყებს. დღეს იგი დასრულდა, როგორც ადამიანი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს", - დაწერა ბიბილაშვილმა სოციალურ ქსელში.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოპოზიციონერები და მათი თანამებრძოლები ოლიმპიური ჩემპიონების ბულინგში დაადანაშაულეს.
„ეს არის იმ ლიბერალ-ფაშისტური თავდასხმების გაგრძელება, რომელსაც ბოლო წლებში ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკოსების, მათი მხარდამჭერების, კონკრეტული ტელეარხების მხრიდან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ერთ დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭკუა ვერ ისწავლეს.
„როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, რადიკალიზმსა და ბოროტებას საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს პასუხს.
„ეს ხალხი, ვინც ასეთ არაკორექტულ, ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს, ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. რასაც მათი პატრონები ავალებენ ამ ხალხს, იმას ახმოვანებენ... ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
ბულინგის დაუშვებლობაზე განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმაც.
„კატეგორიულად მიუღებელია ბულინგის კამპანია ამ ორი ადამიანისა და ზოგადად, სხვების მიმართ“, - განაცხადა დაუშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0