პაპუაშვილი: საქართველოში არჩევნების შესახებ განცხადებები კითხვებს აჩენს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2024
გამოწერა
პარლამენტის სპიკერმა პირდაპირ დაადანაშაულა USAID-ი იმაში, რომ მან 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების თაობაზე იცოდა.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ბოლო პერიოდში დასავლეთის განცხადებები აჩენს კითხვებს საქართველოში არჩევნების მიმართ მათი „ჯანსაღი“ ინტერესის შესახებ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რაც არის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილი და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და მის არჩევანს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ისინი არიან რუსულ ჩარევისა და დემოკრატიის „ეროზიის" წინაშე".
„მგონი, ყველა აკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში დღე არ გადის, რაღაც განცხადებები არ კეთდებოდეს საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე კითხვებს ბადებს, საერთოდ რა არის ეს ინტერესი, რამდენად ჯანსაღია ეს ინტერესი წინასაარჩევნო პროცესის ფარგლებში. ჰელსინკის კომისიას და კონგრესს რაც შეეხება, რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების თუ ყურადღების ობიექტად, მაშინ როდესაც არის საკითხები, რომლებიც ტვირთად აწევს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა პირდაპირ დაადანაშაულა USAID-ი იმაში, რომ მან 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების თაობაზე იცოდა.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება, მათ შორის 2020 წლის არჩევნებზე ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებას. უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID-მა იცოდა რომ შედეგები, რომლებიც ვრცელდებოდა, იყო ცრუ. ამას გვიმალავდა, მათ შორის პირისპირ შეხვედრებზე არ გვითხრეს, რომ ეს იყო ცრუ შედეგები. იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის მხრიდან რადიკალური პროტესტი მიმდინარეობდა, ამ ფონს, ამას ეგუებოდნენ, ჩუმად იყვნენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საუბარია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებში დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ჩაატარა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააყალბა საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები და ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა, რითაც ისარგებლა „რადიკალურმა ოპოზიციამ“, გამოაცხადა რა ბოიკოტი და დაიწყო საპროტესტო აქციები.
ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ გამორიცხულია, რომ აშშ-ის მაშინდელ ელჩს არ სცოდნოდა, რომ დათვლის შედეგები გაყალბდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ USAID-ი არის სახელმწიფო დაწესებულება, ფიზიკურადაც განთავსებულია აშშ-ის საელჩოში, რთულია დაჯერება, რომ აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა არ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ცრუ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს, მათ შორის დახურულ კარს მიღმა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უღიარებიათ, რომ ეს ინფორმაცია შიგნით ცნობილი იყო, თუმცა ყველა მალავდა ამას. ყველა შეჰყურებდა საქართველოს, შეჰყურებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ პროტესტს და ასე ეგუებოდა იმას, რომ საქართველო შეიძლება იმ დროს ჩავარდნილიყო არეულობის ქარცეცხლში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ჰელსინკის კომისიამ პირველ რიგში უნდა გამოიძიოს თუ რა როლი ჰქონდა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წელს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში.
„სამწუხაროდ, ოთხი წლის თავზეც, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არაერთხელ დამიყენებია დახურულ კარს მიღმა, ამაზე დამაჯერებელი პასუხი არ არის. ამიტომ, ჰელსინკის კომისიას თუ უნდა ქართველი ხალხის თვალში მის სიტყვას დამაჯერებლობა ჰქონდეს, კონგრესში უნდა დაიწყოს გამოძიება იმის დასადგენად, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენლებს ამ პროცესში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მგონი, ნათელია, რა მიზანი ჰქონდა ISFED-ს. მათ უნდოდათ, ძირი გამოეთხარათ ქართული დემოკრატიისათვის. რა მიზანი და მოტივაცია ამოძრავებდა აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენლებს, USAID-ი იქნება თუ სხვა, ეს უნდა დაადგინოს კონგრესმა.
მისი თქმით, პარალელური დათვლის სკანდალმა პირველ რიგში დააზარალა ამერიკელი ხალხის ინტერესები და მათი ინტერესები საქართველოში, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ამერიკული დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყანაში არეულობას ცდილობდა.
აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენები 12 სექტემბერს არის ჩანიშნული - საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ კანონებს განიხილავს. ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0