ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა
 ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2024
გამოწერა
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
დეპარტამენტის ცნობით, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, მიმდინარებს საინჟინრო ქსელების, ელექტრომომარაგების, შეტყობინების, უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სისტემების მოწყობის ინტენსიური სამუშაოები.
„კარგი პროგრესია მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხითაც, სადაც შენდება ტექნოლოგიურად უნიკალური დაბალანსებული კონსოლური ხიდი, რომლის მსგავსიც სქართველოში პირველად შენდება. ეს იქნება ყველაზე მაღალი ხიდი, რომლიც ბურჯების სიმაღლე 48 და 47 მეტრია. აქამდე ყველაზე მაღალი 42 მეტრის სიმაღლის ბურჯები ხაშურის შემოვლით გზაზე გვქონდა“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სოფელი წკერეს სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მთავარი გვირაბის და მისი პარალელური 9 კმ სიგრძისა და 6 მ დიამეტრის საევაკუაციო გვირაბის გაჭრა. ასევე დასრულებულია 1500 მ-ის და 500 მ-ის სიგრძის ორი გვირაბის გაჭრისა და მოსახვის სამუშაოები.
ინტენსიურად მიმდინარეობს დანარჩენი 2 გვირაბის გაჭრისა და ხუთივე ხიდის მშენებლობის სამუშაოებიც. გრძელდება პროექტის ყველაზე გრძელ - 435 მ-იან ხიდზე მალის ნაშენის მოწყობა, დანარჩენებზე - ბურჯებისა და ხიმინჯების მშენებლობა.
უწყების ცნობით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იზღუდება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ დასჭირდება.
ამას გარდა, თბილისი–გუდაურის მიმართულებით გადაადგილების დროც 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი გახდება, ხოლო თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
ახალი გზის მეშვეობით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.
პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის(ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მლრდ ლარია.
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0