მერია: თბილისის ცენტრში ახალი სატრანსპორტო კვანძი მოეწყო

© Tbilisi City Hallმიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო
მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2024
გამოწერა
პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული კვანძის მოწყობის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

„დავამთავრეთ ამირეჯიბის ე.წ. ახალი გზისა და თამარაშვილის გამზირის კვანძის პროექტი. გაიზრდება გამტარუნარიანობა, ასევე მოხსნილი იქნება ის პრობლემა, რომ ავტომობილები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. მოძრაობა დარეგულირებული იქნება შუქნიშნით. დღეიდან გზის ეს კონკრეტული მონაკვეთი გაიხსნება. დარჩენილია გამწვანების სამუშაოები, რასაც ოთხი-ხუთი დღე დასჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც რკინაბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომლის საშუალებითაც, სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება.
პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მლნ ლარით დაფინანსდა, ხოლო სამუშაოები მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0