„კოალიცია ცვლილებებისთვის“ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს

© Girchiნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2024
გამოწერა
„კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო სიაში მოხვედრა მხოლოდ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილი „კოალიცია ცვლილებებისთვის" არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან, განაცხადეს კოალიციის ლიდერებმა და შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოალიციაში „ცვლილებებისთვის“ სამი ოპოზიციური პარტია „ახალი“ (ნიკა გვარამია, ნიკა მელია), „დროა“ (ელენე ხოშტარია), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე) გაერთიანდა. ჯერ კიდევ 9 ივლისს პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მომავალ არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას და ერთობლივ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ.
„საქართველოს მოქალაქეების, ევროინტეგრაციისა და ჩვენი სამშობლოს დემოკრატიული განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, პარლამენტში შესული „კოალიცია „ცვლილებებისთვის“ არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმთან და „ქართულ ოცნებასთან“, რასაც ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერებით“, - განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო სიაში მოხვედრა მხოლოდ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0