სანიოლი: თავიდანვე მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა

© courtesy of Georgian Football Federation ვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2024
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ მატჩს ტირანაში გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა, განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი გოლი 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ (52-ე წუთი) გაიტანა. მესამე გოლი ჟორჟ მიქაუტაძის ავტორობით გავიდა (63-ე წუთი), ხოლო მეოთხე - გიორგი ქოჩორაშვილმა (65-ე წუთი).
„სამი წლის განმავლობაში დიდი გზა გავიარეთ, ბევრი რამ გარედან არ ჩანდა. მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და ნახეს, რას მიაღწიეს გუნდური თამაშით და თავდაჯერებულები გახდნენ", - განაცხადა სანიოლმა.
როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, იგი ამაყობს იმ ფეხბურთელებით, რომლებმაცმთლიანობაში იდეალური თამაში აჩვენა".
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ერთა ლიგის შემდეგ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც 10 სექტემბერს ტირანაში გაიმართება – ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთს დაუპირისპირდება.
„შემდეგი შეხვედრა ალბანეთთან გველის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, ეს ძალიან ძლიერი გუნდია“. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ", - განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0