როგორ კონტროლდება თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის აღსრულება საქართველოში?
© photo: Sputnik / Stringer„მოწევა აკრძალულია"
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მოწევის აკრძალვის წესის დარღვევა ყველაზე ხშირად ფიქსირდება სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში, ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო ვითარება ტაქსებშია.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულება მაღალ დონეზეა, თუმცა ბოლო პერიოდში თამბაქოს ახალი პროდუქციის გამოჩენა პრობლემად იქცა, განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ცენტრის" დირექტორმა გიორგი მაღრაძემ.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს კაზინო, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, სათამაშო აპარატების სალონები, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილები წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მსახიობებსაც სპექტაკლის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას.
„მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა და საკმაოდ სტაბილური მდგომარეობა ნარჩუნდება. კანონის აღსრულების დონე საკმაოდ მაღალია, თუმცა, პერიოდულად გარკვეული ახალ-ახალი გამოწვევები , პრობლემები ვლინდება, რომელიც ბოლო პერიოდში უმეტესად თამბაქოს ახალი პროდუქტების შემოდინებასთანაა დაკავშირებული. ესაა ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და ა.შ.", - განაცხადა მაღრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ექსპერტმა ისაუბრა კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგებზე, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მისი თქმით, მთელი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გარკვეული რაოდენობის ობიექტების შემოწმება ხდება.
მოწევის აკრძალვის მონიტორინგის კუთხით თვეში დაახლოებით 400 ობიექტი მოწმდება, ასევე ტარდება განმეორებითი ინსპექტირება. გარდა ამისა, ყოველთვიურად 300-ზე მეტი საცალო ვაჭრობის ობიექტი მოწმდება, ასევე ხდება თამბაქოს რეკლამის კონტროლი როგორც ქუჩაში, ისე ინტერნეტში.
„როდესაც მონაცემებს ვაკვირდებით და ვაანალიზებთ, ვხედავთ, რომ ამ ახალ პროდუქტებზე დარღვევების უფრო მეტი წილი მოდის, ვიდრე ჩვეულებრივ, ტრადიციულ თამბაქოზე. მომხმარებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს: სავაჭრო ობიექტში სიგარეტის დახლები, სტენდები დახურულია, მაგრამ ბოლო პერიოდში თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ თამბაქოს ახალი პროდუქტები, განსაკუთრებით ელექტრონული სიგარეტი ხილულადაა განთავსებული. ესეც აკრძალულია და ამაზეც რეაგირება კეთდება", - განაცხადა მაღრაძემ.
თუმცა, მისი თქმით, ეს დარღვევები არ არის კატასტროფული და დაფიქსირდა შემოწმებული ობიექტების დაახლოებით 8-10%-ში, რაც დაბალი მაჩვენებელია.
მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას საქონლის განთავსება 300 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში მისი ოდენობა იზრდება.
მაღრაძის თქმით, პრობლემას წარმოადგენს პრომოაგენტები, რომლებიც ვიზიტორებს სავაჭრო ცენტრებში იწვევენ გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად და ამით გარკვეული პროდუქციის პოპულარიზაციას ეწევიან. ეს კანონით აკრძალულია და საჯარიმო სანქციაც საკმაოდ მაღალია.
პრომოსააგენტო, რომელსაც პრომოგოგონა ჰყავს დაქირავებული, 3 ათასიდან 5 ათას ლარამდე ჯარიმდება. ჯარიმა სავაჭრო ობიექტზეცაა გათვალისწინებული - 3 ათასი ლარი, რადგან მათ სავაჭრო ობიექტმა სივრცე არ უნდა დაუთმოს
როგორც მაღრაძემ განმარტა, მოწევის აკრძალვის კუთხითაც საკმაოდ სტაბილური მდგომარეობაა და კანონის აღსრულების დონეც საკმაოდ მაღალია.
„საზოგადოებაც მიეჩვია, რომ დახურულ სივრცეებში არ მოწიონ. არის დარღვევებიც, მაგრამ ესეც სადღაც 5-6 %-ის ფარგლებშია, მით უმეტეს, ზაფხულის პერიოდში უფრო ნაკლებია, რადგან მომხმარებლები სამასპინძლო დაწესებულებებში, ძირითადად, ღია სივრცეში არიან ხოლმე", - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, მოწევის აკრძალვის წესის დარღვევა ყველაზე ხშირად ფიქსირდება სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში, სადაც დარღვევის პროცენტი უფრო მაღალია. ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო ვითარება ტაქსებშია.
რესტორანში ან ბარში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, მათ შორის, ელექტროსიგარეტის და ჩილიმის მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე შეადგენს –50 ლარს, განმეორების შემთხვევაში – 100, ყოველ მომდევნო დარღვევაზე კი 200 ლარს. დაწესებულებას კი მოწევის დაშვებისთვის ემუქრება ათჯერ მეტი ჯარიმა, ვიდრე მწეველს.