ივანიშვილი: ჩვენ საარჩევნო კამპანიას კი არ ვაწარმოებთ, არამედ ვიბრძვით მშვიდობისთვის

© Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2024
გამოწერა
2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, აღნიშნა ივანიშვილმა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახური ფასეულობების დასაცავად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხეში ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
როგორც მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პარტიის მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ პარლამენტის ადგილების 3/4-ის მოპოვებაა, რათა საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას. მათ შორისაა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების არაკონსტიტუციურად აღიარება „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“.
„ფაქტობრივად, დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
„26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ, არ უწევს არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის; უსამშობლო, რადიკალური ოპოზიციის დამსახურებით 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ – ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“. ხელისუფლების თქმით, ისინი ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0