„ოცნების“ წევრის გარდაცვალებაში დამნაშავეა ოპოზიცია, ენჯეოები და მათი დონორები - დეპუტატი

© Courtesy of Levan Machavarianiლევან მაჭავარიანი
ლევან მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2024
გამოწერა
ოპოზიციონერ როლანდ ნუცუბიძესთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს მმართველი პარტიის წევრი ერმილე გიგიაძე ქუჩაში შეუძლოდ გახდა, დავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. გეგუთში „ქართული ოცნების“ წევრის ტრაგიკული გარდაცვალება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების რადიკალურად განწყობილი ნაწილის ფსევდოლიბერალური ფაშიზმი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ შორის მათ დონორებს, განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
ოპოზიციონერ როლანდ ნუცუბიძესთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს „ქართული ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე ქუჩაში შეუძლოდ გახდა, დავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ნუცუბიძე პარტიის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდა და რამდენჯერმე შეაგინა კიდეც გიგიაძეს. ნუცუბიძემ ამას სიცრუე უწოდა.
„ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის, რადიკალური „ენჯეო“ სექტორის ფსევდოლიბერალური ფაშიზმი. ამაში დამნაშავე მარტო ეს რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური „ენჯეოები“ არ არიან. ამაში დამნაშავეები არიან ის დონორი ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
მედიებმა გაავრცელეს გარე დაკვირვების ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე მამაკაცი კამათობს. უცებ ერთ-ერთი შეუძლოდ ხდება, ის ძირს ეცემა და უმოძრაოდ წევს.
„ქართულ ოცნებაში“ ფსევდო-ლიბერალურ ფაშიზმს უწოდებენ საზოგადოებრივ ადგილებში შეურაცხყოფისა და ბულინგის უამრავ შემთხვევას მმართველი პარტიის წევრების, მათი მხარდამჭერების და მათ მიმართ, ვინც ხელისუფლების საჯარო კრიტიკაზე უარს აცხადებს.
ამან მასობრივი კამპანიის ხასიათი მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვის პერიოდში და განსაკუთრებით მიღების შემდეგ. საზოგადოებრივ ადგილებში დეპუტატებთან შეხვედრისას, ოპოზიციის აქტივისტები მათ მოღალატეებს და მონებს უწოდებენ, ყველაფერს კამერით იღებენ და სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ.
ივნისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახმაურებული კანონის მიღების შემდეგ, მმართველი პარტიის წევრების სახლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გაჩნდა. ვახუშტის ხიდზე გამოჩნდა წარწერა „84 მოღალატე - 84 ტყვია შუბლში".
სწორედ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
„ფსევდოლიბერალური ფაშიზმის“ ყველა გამოვლინების უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას, ამბობენ მმართველ პარტიაში. „რადიკალური ოპოზიციის ქვეშ ისინი გულისხმობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებს არ უნდა უკვირდეთ რიგითი მოქალაქეების რეაქცია, რომლებსაც ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა აშფოთებთ.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0