არჩევნები-2024: საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი
ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2024
გამოწერა
ცესკოს პრესსპიკერმა ამ პროცესის ირგვლივ შექმნილ პოლიტიკურ აჟიოტაჟზე გაამახვილა ყურადღება.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს აირჩევენ - საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9.090 ხელმძღვანელი პირი და 15.150 წევრი, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ცესკოს პრესსპიკერმა ამ პროცესის ირგვლივ შექმნილ პოლიტიკურ აჟიოტაჟზე გაამახვილა ყურადღება.
„მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ასარჩევად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არც დაწყებულა, და შესაბამისად, არც არის ცნობილი თუ ვის აირჩევენ აღნიშნულ პოზიციებზე, უკვე დაწყებულია ზოგადად ამ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციის მცდელობა“, - განაცხადა იოსელიანმა.
ამიტომ ცესკოს პრესსპიკერმა მიმართა პარტიებს თხოვნით, არ მოახდინონ კომისიების დაკომპლექტების პროცესის დისკრედიტაცია და მათი მომავალი წევრების სტიგმატიზაცია.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულ მხარეებს და დღეს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ასეთი უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას და მის საქმიანობას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს. ამიტომ, ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კანონმდებლობის დაცვით წარმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცესკოს პრესსპიკერმა მოუწოდა დამკვირვებლებს, დააკვირდნენ არჩეულ პირთა საქმიანობას და მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით/ქმედებებით შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი.
ამავე დროს იოსელიანმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეული საარჩევნო მოხელისგან პროფესიონალიზმისა და ეთიკის იმ მაღალი სტანდარტების დაცვას მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0