ოპოზიცია ლგბტ თემაზე საკუთარი პოზიციის გახმოვანებას ვერ ბედავს - პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2024
გამოწერა
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის საჯაროდ გახმოვანებას ვერ ბედავს და უარს ამბობს მის მხარდაჭერაზე გარედან მიღებული მითითებების გამო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 17 კანონში შესატანი მისგან გამომდინარე ცვლილებები. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.
„ეს არის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც წყალგამყოფი არის იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ამ ქვეყნის და საზოგადოების პატრიოტები არიან და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც საკუთარ დღის წესრიგს აწყობენ იმაზე, თუ რას ეტყვიან გარედან. სწორედ ეს არის - რაც უთხრეს გარედან, იმას აკეთებენ. ეუბნებიან, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონს, ამიტომაც მხარს არ უჭერენ... იმასაც ვერ ბედავენ, რომ მოვიდნენ პარლამენტში და ეს საჯაროდ თქვან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას მაინც მოუწევს ამ თემაზე პასუხის გაცემა წინასაარჩევნო შეხვედრებზე.
„დადიან წინასაარჩევნო შეხვედრებზე და იციან, რომ რა თქმა უნდა, დაუსვამენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უჭერენ მხარს ლგბტ პროპაგანდას, რომ სკოლებსა და ბაღებში ბავშვებთან შეჰქონდეთ სასწავლო მასალებში ლგბტ პროპაგანდის თემები, რატომ უნდა იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთან ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა და სხვა თემები, რომლებზეც სწორედ ეს კანონი არის მომართული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.
კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
ყველა ახალი ამბავი
0