ეს თამაში ბევრ ენერგიას წაიღებს - გურამ კაშია ჩეხეთთან მატჩის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliგურამ კაშია
გურამ კაშია - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, განაცხადა გურამ კაშიამ
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. ჩეხეთის ნაკრებთან მატჩი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დიდ ენერგიას წაართმევს, რადგან მეტოქეები ფიზიკურად ძლიერები არიან, განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ.
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი ალბანეთს სტუმრად შეხვდება. 24-ვე ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გამოიძახა, საგურამოს ბაზაზე შეკრებაზე უკვე ჩამოვიდა.
„ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და სტანდარტული მდგომარეობების დროს სახიფათოები არიან. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს“, - განაცხადა კაშიამ.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები უკეთესი გახდა, მაგრამ ერთა ლიგის მატჩებზე მოთამაშეები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ბოლომდე უნდა დაიხარჯონ.
„რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა ამ ჯგუფში იოლი თამაშები არ გვექნება. ოთხივე გუნდი ძალიან თანაბარია, მაგრამ ჩვენ ჯგუფის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ყველა მეტოქესთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ“, - განაცხადა კაშიამ.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას აგრძელებს.
ეროვნული ნაკრები 6 სექტემბერს საგურამოს ბაზაზე კვლავ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს, ჩეხეთის ნაკრები კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს. გარდა ამისა, ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.
2024/2025 სეზონის უეფას ერთა ლიგის პირველი წრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 სექტემბერს 20:00 საათზე გამართავენ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
7 სექტემბერი, საქართველო-ჩეხეთი,
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0