პერსპექტივა არ აქვს - პრემიერი „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ სარჩელებზე

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2024
გამოწერა
მოსარჩელეებს შორის არის 122 არასამთავრობო ორგანიზაცია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე პერსპექტივა არ აქვს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ არაერთი ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა სპეციალურ რეესტრში, რაც ადასტურებს, რომ არანაირი სტიგმატიზაციის და შეზღუდვების პრობლემა არ არსებობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 122-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ორმა მედიაორგანიზაციამ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა ამ სარჩელს არც მანამდე ჰქონდა და ახლა მითუმეტეს არ აქვს, ამას დაემატა ახლა უკვე „სირცხვილიას“ აღიარება, ამას დაემატა 450 ორგანიზაციის მიმართვა იუსტიციის სამინისტროსადმი, ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა ამ სარჩელის წარმატება. რეალურად ყველაფრით დამტკიცდა, რომ არც სტიგმატიზაციისა და არც შეზღუდვების პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „სირცხვილიამ“, რომელიც ცნობილია 2019 წლიდან ყველაზე რეზონანსულ აქციებში მონაწილეობით, თავიდან შეიტანა განაცხადი უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში ნეგატივის გამო ეს განაცხადი გააუქმა.
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა>
კობახიძის თქმით, გაუგებარია, როგორ უნდა გაასაჩივრო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - დაფინანსების 20 პროცენტზე მეტის უცხოეთიდან მიღებას და ინფორმაციის დაფინანსების თაობაზე ვებგვერდზე განთავსებას.
„როგორ შეიძლება, ასეთ სარჩელს ჰქონდეს რაიმე წარმატება, სრული აბსურდია ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ სარჩელის პერსპექტივის მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მოსარჩელეთა რაოდენობა 1%-ზე გაცილებით ნაკლებია, ხოლო სიცრუეზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალები მორიგჯერ ავრცელებენ სიცრუეს.
„ძალიან მარტივი სპეკულაცია იყო, მოსარჩელეების რაოდენობა არის დაახლოებით 100 და 450-მა მიმართა იუსტიციის სამინისტროს. თუ ის არის ერთი პროცენტი, გამოდის, რომ მოსარჩელეების რაოდენობა არის ერთ პროცენტზე ბევრად ნაკლები. ეს მარტივი სპეკულაციაა“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია ორგანიზაციების მხოლოდ 1,5%-მა გაიარა. ოფიციალური მონაცემებით, განაცხადი უცხოური დაფინანსების მქონე 476-მა ორგანიზაციამ შეიტანა. რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) და ა.შ.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ და მთლიანად სიცრუეზეა აგებული ეს პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, ამ ენჯეოებმაც და პარტიებმაც ასეთი ტყუილი კიდევ ერთხელ გაავრცელეს“, - აღნიშნა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობს არიოს ვითარება საქართველოში, მოაწყოს რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გამჭვირვალობის“ კანონის საქმეზე განხილვა დაასრულა">>
პრემიერის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, შესაძლოა ათასსაც არ აღემატებოდეს.
„მე სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა მიმართა რეალურად იუსტიციის სამინისტროს და შეიძლება, ეს ორი მესამედიც, 80 პროცენტიც იყოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, სინამდვილეში ყველასათვის ცნობილია სიტუაცია არასამთავრობო სექტორში, სადაც ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციები მთლიანი უცხოური დაფინანსების 90%-ს იღებენ.
„მაქსიმუმ 10 ორგანიზაცია იღებს დაფინანსების 90 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 500 თუ ათასი ორგანიზაცია იღებს დაფინანსების 10 პროცენტს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს რეალური სურათია, სადაც ყველაფერი დღესავით ნათელია.
„ვინც სინამდვილეში ემსახურება კეთილ საქმეს, ემსახურება ისეთ საქმეს, რომელიც მიესადაგება სახელმწიფოს ინტერესებს, მას არც პრობლემა არ ჰქონდა, მიემართა იუსტიციის სამინისტროსთვის, მაგრამ ვისაც აქვს დასამალი, ისინი რა თქმა უნდა, არ მიმართავენ იუსტიციის სამინისტროს და აქ გაევლება მარტივი ზღვარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0