ენმ-ის და „ენჯეოების“ მხრიდან სიძულვილის ნორმალიზებამ ტრაგედია გამოიწვია - პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2024
გამოწერა
მმართველი პარტიის წევრი ერმილე გიგიაძე ოპოზიციის აქტივისტთან სიტყვიერი შელაპარაკების დროს ქუჩაში შეუძლოდ გახდა, დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. იმერეთის რაიონის სოფელ გეგუთში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის ტრაგიკული გარდაცვალება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სიძულვილის ნორმალიზების შედეგია, წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„ქართული ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე ოპოზიციის აქტივისტ როლანდ ნუცუბიძესთან სიტყვიერი შელაპარაკების დროს ქუჩაში შეუძლოდ გახდა, დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ნუცუბიძემ შეურაცხყოფა მიაყენა პარტიის წევრებს და გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა კიდეც. მედიამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც ინციდენტს ასახავს.
„ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების. ხელის გულზე იდო, რომ ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა.
„ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას. ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე - შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ - შედეგი ნული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დონორებმა ყველაფერი „გაატარეს“ – „მე ვესროლე" კამპანიაც, „გამჭვირვალობის“ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებისთვის შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ დაცინვა სოციალურ ქსელებში.
„ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
მიმდინარე წლის ივნისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახმაურებული კანონის მიღების შემდეგ, მმართველი პარტიის წევრების სახლებზე გაჩნდა წარწერები „მოღალატე“, „მონა“ და სხვ. ვახუშტის ხიდზე გამოჩნდა წარწერა „84 მოღალატე - 84 ტყვია შუბლში", რისი ვიდეოჩანაწერიც მედიაპლატფორმა JAMnews-მა გამოაქვეყნა.
ამის საპასუხოდ, მიღებული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების სახლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე უცენზურო წარწერები და გამოსახულებებიც გაჩნდა, მათ ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის შემდეგ კანონის ოპონენტებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს იმ დეპუტატების ტელეფონის ნომრები, რომლებმაც მის მიღებას მხარი დაუჭირეს და მოუწოდებდნენ დაერეკათ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ მათთვის.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მსგავს ინციდენტებს „ლიბერალური ფაშიზმის“ გამოვლინებასა და „ევროპის სახელით განხორციელებული ტერორისტული კამპანიის“ ნაწილს უწოდებს. მათი თქმით, მსგავსი ინციდენტების უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ „ფაშისტური ბულინგის“, რომელიც „რადიკალურმა ოპოზიციამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ბრძოლაში დამარცხების გამო წამოიწყო. პრემიერის თქმით, ამ „ლიბერალური ფაშიზმის“ არავის ეშინია.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0