პარლამენტმა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტების პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2024
გამოწერა
დეპუტატებმა სკანდალური კანონპროექტი პირველი მოსმენით 27 ივნისს მიიღეს
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები და სრული პაკეტი 81 ხმით მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, „კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა“.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
საკითხს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა - „ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" წევრებმა, ასევე პოლიტიკური ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების" სამმა დეპუტატმა.
ხელისუფლების ოპონენტებიდან სხდომას მხოლოდ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „გირჩის“ დეპუტატები ესწრებოდნენ, კერძოდ შვიდი ადამიანი, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მოგვიანებით გახარიას თანამოაზრეებმა განცხადება გაავრცელეს.
„დღეს „ოცნებამ“ პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისთვის, რომლებიც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვას ეხება“, - ნათქვამია პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების განცხადებაში.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“ დეპუტატებს, ისინი ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
კანონპროექტების პაკეტიდან ცალკე პარლამენტმა, ახალი კანონის პროექტიდან გამომდინარე, შრომის კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.
ცვლილებების თანახმად, შრომის კოდექსში გაჩნდება ჩანაწერი და 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.
მმართველი უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში გეგმავს.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.
კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
ყველა ახალი ამბავი
0