პაპუაშვილი: პარტიები მოქალაქეებისგან მანდატს ითხოვენ და სხდომასაც კი არ ესწრებიან

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2024
გამოწერა
დიდი ალბათობით, კოლეგები რომელიღაც კონფერენციაზე არიან, უცხოელებთან ერთად, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებისგან მანდატს ითხოვენ, საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს და სხდომებსაც კი არ ესწრებიან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი სამშაბათს, 3 სექტემბერს, ბოლო სესიაზე შეიკრიბება, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ამომრჩეველი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ახალი, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს. რეგლამენტის მიხედვით, არჩევნების გამო პარლამენტის სხდომები 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია გვაქვს. ყველას წარმატებულ სესიას გისურვებთ. თუმცა ვატყობთ, რომ დღეს დარბაზის ერთი ნაწილი ძალიან ხალვათადაა წარმოდგენილი... რამდენიმე კვირაში საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და პარტიები, რომლებიც მოქალაქეებისგან პარლამენტში მანდატს ითხოვენ, სხდომასაც კი არ ესწრებიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბოიკოტთან დაკავშირებით რამდენიმე წერილი შემოვიდა - სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პოლიტიკური ჯგუფების „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, „ევროოპტიმისტების“, „თავისუფლების“, „ლელოს“, „მოქალაქეების" „რეფორმების ჯგუფის" წარმომადგენლები.
სხდომას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტია „გირჩისა" და „საქართველოსთვის" დეპუტატები. დარბაზში ასევე იმყოფებოდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატები.
დიდი ალბათობით, კოლეგები რომელიღაც კონფერენციაზე არიან, უცხოელებთან ერთად, დასძინა პოლიტიკოსმა.
„მათ ქართველი ხალხის მსახურებას, ალბათ, კონფერენციაზე დასწრება ამჯობინეს და იქიდან საქართველოს გმობა, ქართველი ხალხის გმობა ამ კონფერენციის ტრიბუნის გამოყენებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა ესწრებიან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას - „გარდამტეხი წელი“, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0