ბინძური ტყუილი: „ქართული ოცნების“ ლიდერი რეესტრში არასამთავრობოების რეგისტრაციის პროცესზე

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2024
გამოწერა
უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა მხოლოდ ქაღალდზეა რეგისტრირებული და განცხადება, რომ მათგან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში ნებაყოფლობით მხოლოდ 1% დარეგისტრირდა, ბინძური ტყუილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მანამდე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია ორგანიზაციების მხოლოდ 1,5%-მა გაიარა. ოფიციალური მონაცემებით, განაცხადი უცხოური დაფინანსების მქონე 476-მა ორგანიზაციამ შეიტანა. რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) და ა.შ.
„1%-მა გაიარა მხოლოდ რეგისტრაციაო, ამაზე უფრო ბინძური ტყუილი არ არსებობს. ისინი პროცენტს ითვლიან 30 ათასიდან. საქართველოში 30 ათასი NGO არ არსებობს, ეს მხოლოდ ფურცელზეა", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, რეალურად რამდენიმე ათასი მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციაა და მათგან გაცილებით მცირე ნაწილია ისეთი, რომელიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან.
„შესაბამისად, 1% არის ძალიან დიდი ტყუილი. იგივე ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სარჩელი წარადგინა მხოლოდ 0,5%-მა, აპროტესტებდა სულ 1,5 თუ 2%. ასეთი მარტივი „ფეიკი“ საზოგადოებას არ უნდა აკადრო და შესთავაზო. როგორც კი ვინმე იტყვის, რომ 1% არის დარეგისტრირებული, იმ წუთშივე უნდა უთხრათ, რომ აპროტესტებდა მხოლოდ 1,5% და 98,5% არ აპროტესტებდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალებაა დღეს საქართველოში, რომლებიც წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, არ არსებობს.
როგორც მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, საქართველოში რეგისტრირებულია 30 ათასზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია, მათ რიცხვში შედიან ფაქტობრივად არამოქმედი ორგანიზაციებიც, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც შექმნილია სახელმწიფო უწყებების მიერ და დამოუკიდებლად საქმიანობენ, სპორტული ფედერაციები და ა. შ., რომლებზეც ახალი კანონი არ ვრცელდება.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რეალობა მდგომარეობს შემდეგში - როდესაც გახდება ცნობილი საქართველოში ფაქტობრივად მოქმედი და ქაღალდზე ფორმალურად არარსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ზუსტი რაოდენობა და მათგან რამდენი იღებს 20%-ზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან, , ანუ მას ევალება რეესტრში რეგისტრაცია, აქედან დათვალონ შემდეგ პროცენტები.
„რამდენჯერაც 1%-ს იტყვიან, თავის თავს ლუსტრირებას გაუკეთებენ, რომ ისინი არიან მატყუარები“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ფარგლებში, „მათ აქვთ გაუმჭვირვალობის მიზანი“.
„ქვეყნის საწინააღმდეგო ფულის დამალვის მიზანი - ეს მიზანი ჰქონდათ, როდესაც ისინი იბრძოდნენ ყველანაირი, მორალურად გაუმართავი მეთოდებით საქართველოს და გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
რეზონანსული კანონი ძალაში ივნისის დასაწყისში შევიდა, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტროს მიეცა გარკვეული დრო შეექმნა კანონის განსახორციელებლად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შეიქმნა სპეციალური რეესტრი და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის ერთი თვე ჰქონდათ.
ორგანიზაციები, რომლებზეც ვრცელდება სკანდალური კანონი, მაგრამ უარი განაცხადეს რეგისტრაციის გავლაზე, დაჯარიმდებიან 25 ათასი ლარით. ასეთი ორგანიზაციების გამოსავლენად იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს ჩაატარებს.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0