არჩევნები 2024: დამკვირვებელთა რეგისტრაცია გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2024
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 3 სექტემბრის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად 14 ადგილობრივი და ორი საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 21 ოქტომბრამდე,, საერთაშორისოების - 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნების დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
3 სექტემბრის მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარეს ადგილობრივმა ორგანიზაციებმა:
„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“
„სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის“
„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
„საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
„თავისუფალი ხმა“
მოძრაობა „სირცხვილია“
„მონიტორნიგის ცენტრი-საზოგადოება“
„ღია სივრცე კავკასია“
„საქართველოს მომავლის აკადემია“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
„მიშგოვ ლარდა“
„საარჩევნო ლაბორატორია“.
უარი ეთქვა ერთ ორგანიზაციას - „სამოქალაქო საზოგადოება მესხეთი".
რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ბოლო მონაცემებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა შემდეგი ორგანიზაციები:
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI)
„საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI)
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, უცხოურ ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ შემდეგ პრინციპებს:
საქართველოს კანონმდებლობის, მისი სუვერენიტეტის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
საარჩევნო პროცესის შეფერხებისგან თავის შეკავება;
პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრინციპების დეკლარაციით გაცხადებული დებულებების დაცვა.
განაცხადების შევსებისა და გადამოწმების შემდეგ, საქართველოს ცესკო თავის გვერდზე გამოაქვეყნებს დამკვირვებელთა რაოდენობას თითოეული ორგანიზაციიდან.
ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მაქსიმუმ ორი საერთაშორისო დამკვირვებელი. საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც ცესკოში რეგისტრაციას მათთან ერთად გაივლის.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ყველა ახალი ამბავი
0