ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

© courtesy of Tamar Turmanidzeგომისმთა
გომისმთა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2024
გამოწერა
დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო, დაზიანებული და ხრეშოვანი იყო.
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, 33 კმ-იანი გზის ახლად რეაბილიტირებულ მონაკვეთზე სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი.
„დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე გრძელდება მონიტორინგი. შეიძლება ითქვას რომ, განახლებული გზა უკვე სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან“, - განაცხადა ქარსელაძემ.
პროექტის ფარგლებში განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მლნ ლარით დაფინანსდა.
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება.
გარდა ამისა, გურიის რეგიონში ახლახან დასრულდა ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. საერთო ჯამში, გურიაში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 71 კმ-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა.
გომისმთა მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის კურორტი მინერალური წყლებით, ფიჭვის ტყეებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა ასევე განაპირობებს ბუნებრივ პირობებს განსაკუთრებული სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით.
გომისმთა ცნობილია როგორც ღრუბლებისა და ნისლების ადგილი და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის პოპულარულია. გომისმთაზე დასვენების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0