ექსპერტი: საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი

© photo: Giorgi Tsutskiridze / FBგიორგი ცუცქირიძე
გიორგი ცუცქირიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2024
გამოწერა
სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის ივლისში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 13% შეადგინა,
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ პროგნოზირებულზე მაღალი და სავარაუდოდ ორნიშნა იქნება, დაწერა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5,7%-ის ნიშნულზე დაფიქსირდება, რასაც ხელს შეუწყობ რეალური ხელფასებისა და დასაქმების მაღალი მაჩვენებელი.
„2024 წლის ბოლოს საქართველოს, სავარაუდოდ, ორნიშნა ზრდა ექნება, გაზაფხულზე საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, შესაბამისად, წლიური ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულ 5,7%-ზე მაღალი", - დაწერა ცუცქირიძემ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში საქართველოს მშპ-ის ორნიშნა ზრდა ჰქონდა, მაშინ როცა სსფ-ის თავდაპირველი პროგნოზით 4,5% იყო.
ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11%, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის ივლისში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 9,7 %-ს მიუახლოვდა.
„მიმდინარე წლის ზრდის მახასიათებელი ნიშანია გაზრდილ საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების გაზრდილი წილი მშპ-ში", დაწერა ექსპერტმა.
გარდა ამისა, ცუცქირიძის აზრით, თუ გასულ 2016-2022 წლებში ეკონომიკის ზრდას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განაპირობებდენ, ეკონომიკა ფაქტობრივად გადაეწყო სამამულო პროდუქციის კონტრიბუციაში, რაც დიდწილად ბიზნესის მხარდამჭერმა სახელმწიფო პროგრამებმა განაპირობა, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პლატფორმით ხორციელდება.
შედარებისათვის, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2,5-ჯერ და მეტადაც კი აღემატება 2020-2024 წლებში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%).
რეგიონულ ჭრილში საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი ზრდა, დასძინა ექსპერტმა.
კერძოდ, თურქეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში, 2,4%-ით გაიზარდა და პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს ზრდა 2,9%-ს მიაღწევს.
2024 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის მშპ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითი 4%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პროგნოზით გაიზრდება 4 %-ით, ხოლო 2025 წელს 5 %-ით.
რაც შეეხება სომხეთს, ექსპერტის თქმით, მშპ-ის ზრდა პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 9,2%-ით გაიზარდა, 2024 წელს გაიზრდება 8,5 %-ით, ხოლო 2025 წელს 4,8 %-ით.
გარდა ამისა, ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები დაკავშირებულია თვიური ნომინალური ხელფასების და დასაქმების ზრდასთან, ასევე უმუშევრობის დონის შემცირებასთან ისტორიულ მინიმუმამდე (13,7%).
ექსპერტის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, ინფლაციამ 1,8% შეადგინა, რაც საგრძნობლად ნაკლებია აშშ-ის (+2.9%) და ევროკავშირის (+2.6%) ანალოგიურ მაჩვენებლებზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტალთან შეადრებით 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 47,2 ათასი ადამიანით, ანუ 17,7%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0