ქართული ტელეარხების შემოსავლები რეკლამებიდან შემცირდა

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშიტექნიკის მაღაზია
ტექნიკის მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2024
გამოწერა
ტელეკომპანიების შემოსავალმა 17,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14,8%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტელე- და რადიოარხების შემოსავლებმა 2024 წლის მეორე კვარტალში 20 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,7%-ით ნაკლებია, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
აღნიშნული შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს.
კომისიის მონაცემებით, ტელეკომპანიების შემოსავალმა 17,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14,8%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, ტელე- და რადიოკომპანიების მთლიანი შემოსავლებიდან პირდაპირ რეკლამაზე მოდის 67,6%, 17,5% კი პროდუქტის განთავსებაზე.
კომისიამ სარეკლამო შემოსავლების შემცირების სავარაუდო მიზეზად ამ პერიოდში მაუწყებლების მუშაობის რეჟიმში ცვლილებები დაასახელა.
კერძოდ, საგანგებო რეჟიმში მაუწყებლების მუშაობამ მთლიანად შეცვალა სამაუწყებლო ბადე, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში მაუწყებლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ.
თბილისში 15 აპრილიდან, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა. აქციებში მონაწილეობდნენ ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და ხელისუფლებას საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ.
აღნიშნულმა გარემოებებმა ასევე იმოქმედა რეკლამის დამკვეთების გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ამ პერიოდში ახალი სარეკლამო კამპანიები არ წამოეწყოთ.
„საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა სხვა გარემოებები, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილებები ან რეკლამასთან დაკავშირებით ახალი წესების შემოღება, რომელთაც შეიძლება გავლენა მოეხდინა სარეკლამო შემოსავლებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანიებიდან 2024 წლის მეორე კვარტალში რეკლამიდან შემოსავლების მხრივ პირველ ადგილზე ტელეკომპანია "იმედია", რომლის შემოსავალიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,2 მლნ ლარით შემცირდა და 6 მლნ შეადგინა.
„რუსთავი 2"-ის კომერციულმა შემოსავალმა 2,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით 500 ათასი ლარით ნაკლებია.
„მთავარი არხის“ და PosTV-ის შემოსავალი 0,1 მლნ ლარით შემცირდა და შესაბამისად 1,9 მლნ და 1,4 მლნ ლარი შეადგინა.
ტელეკომპანია „ფორმულამ" 1,2 მლნ ლარი მიიღო - გასული წლის მაჩვენებელზე 200 ათასი ლარით ნაკლები.
ასევე შემცირდა ტელეკომპანია „პირველის" სარეკლამო შემოსავლები, რომელმაც 1 მლნ ლარი (400 ათასი ლარით ნაკლები) შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში არ შეცვლილა მხოლოდ GDS-ისა და მედიაპლატფორმა BMG-ის შემოსავლები, რომლებმაც რეკლამიდან 600 ათასი და 900 ათასი ლარი მიიღეს.
ამასთან, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 100 ათასი ლარით მეტი გამოიმუშავა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და „სილქნეტმა", რომლებმაც შემოსავლის სახით მიიღეს 600 ათასი და 200 ათასი ლარი.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში 11,8%-ით გაიზარდა და 2,1 მლნ ლარი შეადგინა. რადიოს შემოსავლების 91% პირდაპირ რეკლამაზე მოდის, დანარჩენი კი სპონსორობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0