მეათე მოწვევის პარლამენტი ბოლო სესიაზე შეიკრიბება

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2024
გამოწერა
საშემოდგომო სესიის მთავარი ინტრიგა იქნება ოპოზიციური პარტიების უმეტესობის ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი
თბილისი, 1-ელი სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი სამშაბათს, 3 სექტემბერს, ბოლო სესიაზე შეიკრიბება, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ამომრჩეველი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ახალი, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს. რეგლამენტის მიხედვით, არჩევნების გამო პარლამენტის სხდომები 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.
აღნიშნულ პერიოდში პარლამენტს მოუწევს რამდენიმე უკვე ინიცირებული კანონპროექტის მიღება, რომელთა შორისაა ტყეების გაჩეხვისთვის სანქციების გამკაცრება, პატიმართა ამნისტიის შესახებ კანონი და ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონების პაკეტი.
მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობის საბოლოო დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი.
საშემოდგომო სესიის მთავარი ინტრიგა იქნება ოპოზიციური პარტიების უმეტესობის ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, რომლებმაც მაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
საგაზაფხულო სესიის მთავარი პროექტები
საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტი.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
ახლა პარლამენტი კანონპროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.
„ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო.
მეორე, მნიშვნელოვანი კანონის პროექტია „ამნისტიის შესახებ' კანონი, რომელსაც კანონმდებლები ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.
პროექტის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნაწილი უპირობოდ გათავისუფლდება, ნაწილს კი მათი ქმედებებისგან დაზარალებულთა თანხმობა დასჭირდება.
გათავისუფლების გარდა, ამნისტია 1/2, 1/4 და 1/6-ით პატიმრობის ვადის შემცირებას და ასევე პირობითი სასჯელის ერთი წლის ვადით შემცირებას ითვალისწინებს. ინიციატორების თქმით, 1/6-ით პატიმრობის შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით იგეგმება.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიც არის მკვლელობა, ნარკორეალიზაცია, სქესობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ტერორიზმი, კორუფციული და თანამდებობრივი დანაშაული, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ.
პროექტის მიღების შემდეგ ციხეს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, სულ კი ამნისტია 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.
ყველა ახალი ამბავი
0