„ოცნების“ ინიციატივა: ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვა თუ მისი როლის გაძლიერება

© photo: Sputnik / Stringerსამება
სამება - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2024
გამოწერა
ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ საპატრიარქო მსჯელობს მმართველი პარტიის წინადადებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საპატრიარქოსთან მართავს კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება კიდევ აისახოს ქვეყნის კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ საპატრიარქო მსჯელობს მმართველი პარტიის წინადადებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ. მან ეს ინიციატივა წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სურვილად, გააძლიეროს ეკლესიის სტატუსი და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„ეს კონსულტაციები გრძელდება, თუმცა საუბარი შეეხება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციების განმტკიცებას, მისი როლის სათანადოდ და სრულფასოვნად აღიარებას საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხის, ჩვენი ყოფადობის წინაშე“, - განაცხადა მიქანაძემ.
დეპუტატმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კონსულტაციები ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას არანაირად არ გამოიწვევს.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არამც და არამც ეს კონსულტაციები არანაირი ფორმით არ გამოიწვევს, თუ კი გადაწყვეტილება შეჯერდება და იქნება მიღებული, რაიმე ფორმითაც კი არ გამოიწვევს ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, ბოლო დროს სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებლური ეკლესია სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის ობიექტი გახდა და სწორედ ამიტომ გამოვიდა მმართველი პარტია ამ ინიციატივით.
მანამდე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ უკვე გაასაჯაროვა თავისი გეგმები მომავალი არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში და, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სწორედ ეს იყო მეოთხე პუნქტი, რომელიც საპატრიარქოსთან კონსულტაციებს დაეთმო.
ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).
ყველა ახალი ამბავი
0