საქართველო არჩევნების ზღურბლზე - მთავარი კონკურენტები

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2024
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ორ თვეში საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - მთავარი ბრძოლა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა" და ორ ოპოზიციურ გაერთიანებას - ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და „ლელო საქართველოსთვის" შორის მიმდინარეობს.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
ბოლო თვის მანძილზე საზოგადოებრივი აზრის ორი კვლევა გამოქვეყნდა. ოპოზიციური ტელეკომპანია Formula-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 5%-იანი ბარიერის გადალახვას და პარლამენტში შესვლას ხუთი კოალიცია შეძლებს :
„ქართული ოცნება"/„ხალხის ძალა" – 32,4%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" – 17,3%;
„ლელო საქართველოსთვის"/„ხალხისთვის"/„თავისუფლების მოედანი" – 12,8%;
„საქართველოსთვის" – 11,2%;
„ახალი"/„გირჩი-მეტი თავისუფლება" / „დროა" – 9,9%.
ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით კი პარტიების რეიტინგი ასეთია:
„ქართული ოცნება"/„ხალხის ძალა" – 59,3%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" – 13,1%;
„ლელო საქართველოსთვის"/„ხალხისთვის"/„თავისუფლების მოედანი" – 5,8%.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონის თანახმად, ბლოკებს არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ, გაერთიანებაში ლიდერ პოზიციაზე მყოფი პარტიები დასახელებას ოფიციალურად იცვლიან. ამასთან, პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მის წევრებს ან უპარტიოებს.
სახელცვლილი პარტიები
ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეწოდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა". ასე ჰქვია გაერთიანებას, რომელშიც „ნაცმოძრაობის" გარდა, შედიან მისი ყოფილი წევრების პარტიები - გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და გიგი წერეთლის „ევროპული საქართველო“.
ოპოზიციურ პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე შეუერთდნენ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე და დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი.
გარდა ამისა, გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ შედიან ყოფილი ელჩი გია ჯაფარიძე, ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციის აქტიური მონაწილეები.
გარდა ყოფილი მმართველი პარტიისა, სახელი გადაირქვა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ „თიბისის" დამფუძნებლებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წელს დააფუძნეს. იგი სახელისუფლებო პარტიის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა საქართველოში.
ახლა ამ პარტიას ჰქვია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის". მის საარჩევნო სიაში მოხვდებიან პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრები.
ყველა ახალი ამბავი
0