პრემიერი: ეკონომიკის ზრდა უმუშევრობის შემცირების საშუალებას იძლევა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2024
გამოწერა
მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ეკონომიკური ზრდა საქართველოში უმუშევრობის შემცირების და დასაქმების გაზრდის საშუალებას იძლევა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 17,7%-ით შემცირდა და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დასაქმების მაჩვენებელი 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.
„ეკონომიკური ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც იძლევა უმუშევრობის შემცირების და დასაქმების ზრდის საშუალებას. ასევე, ყველას მოგეხსენებათ, რომ მეტი დასაქმებული ნიშნავს ბიუჯეტში შეტანილ მეტ გადასახადს, რაც მთავრობას მისცემს მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, არსებული პროგრამების გაფართოების საშუალებას და მომავალშიც ეს დარჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უმუშევრობა შეადგენდა 16,7%-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 3 პროცენტული პუნქტით, რაც არის განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, აპრილ-ივნისში ქვეყანაში დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 19,1 ათასი ადამიანით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 41,3 ათასი ადამიანით.
მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად, საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, უკვე მეოთხე წელია", - აღნიშნა მან.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
„წინა სამი წლის განმავლობაში ჩვენ საშუალო ეკონომიკური ზრდა გვქონდა 9,7 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ 9-პროცენტიან მაჩვენებელს და ვფიქრობთ, რომ გვექნება წლის ბოლოს ძალიან კარგი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის კუთხით", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ივნისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, 2024 წლის იანვარ-ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,0% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0