კახეთში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა: თავშესაფარში გადაყვანილი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა

© photo: Sputnik / Stringerძაღლები
ძაღლები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2024
გამოწერა
ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანა, საიდან 14 ძაღლი მოკვდა.
თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის თქმით, დაავადება თავდაპირველად ლეკვებს დაუდგინდა.
„ორ კვირაზე მეტია, რაც თავშესაფარში კარანტინი გვაქვს. მიზეზი ცოფის გამოვლინებაა. 30 აგვისტომდე თავშესაფარი დაკეტილი იქნება. იმ ოჯახების წევრები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით“, - განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.
წინა წლებში რეგიონში ცოფის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ამ ეტაპზე ცოფი მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0