ღარიბაშვილი: ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი ბრძოლაა ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2024
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მიზანი არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის, როდესაც ქართველ ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება ქვეყნის სამხედრო პოლიგონად გადაქცევას ან მის მშვიდობიან განვითარებას შორის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
როგორც მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პარტიის მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ პარლამენტის ადგილების 3/4-ის მოპოვებაა, რათა საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას.
„26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება! კიდევ ვიმეორებ: უკეთესის ძიებაში უარესი შეიძლება მივიღოთ... ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისას ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ან მისი „ბანდის“ რომელიმე წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, საქართველოში გაიხსნებოდა მეორე ფრონტი და ქვეყანა პოლიგონად გადაიქცეოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, საქართველოში ომი არ იქნება.
გარდა ამისა, ექს-პრემიერის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში „კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები დახურავდნენ ყველა დამოუკიდებელ მედიას, დააკავებდნენ ან გაანადგურებდნენ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, აკრძალავდნენ ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, გააუქმებდნენ არჩევნებს და ა.შ.
„სანამ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია, ეს არ მოხდება! სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაშია საქართველოში ომი არ მოხდება! ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, და ამ მოღალატეებს და გამყიდველებს მეორედ არ დავანგრევინებთ და არ გავანადგურებინებთ ქვეყანას და ხალხს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0