დეზინფორმაცია! ციხეში პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა უარყო

© Parliament of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2024
გამოწერა
ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა 2012 წელს ჩაბარდა წარსულს, განაცხადა ბრეგაძემ
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის ციხეში პატიმრის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
25 აგვისტოს ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გამოცემა „აჭარა თაიმსზე" დაყრდნობით N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ცემის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მედიის ცნობით, პატიმარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიყენებული და იგი თავიდან ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.
„დეზინფორმაცია დაუშვებელია, მავნეა და საზოგადოებრივი განწყობის მოსაწამლად გამოიყენება. სამწუხაროა, რომ ასეთი სათაურები მიზანმიმართულად გამოიყენება ერთ-ერთი არხის მიერ იმისთვის, რომ საზოგადოება შეგნებულად შეიყვანონ შეცდომაში და დააჯერონ მოსახლეობა, რომ ციხეში პატიმრებს სცემენ", - დაწერა ბრეგაძემ სოციალურ ქსელში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა რეალური ინფორმაცია სამწუხარო ფაქტის შესახებ.
„პატიმარს, რომელმაც სამწუხაროდ თავი დაიზიანა, ვუსურვებთ ჯანმრთელობას. მოვუწოდებთ ყველას, არ გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან", - განაცხადა ბრეგაძემ.
ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა 2012 წელს ჩაბარდა წარსულს, საქართველოზე მოძალადეებთან ერთად, დასძინა მან.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული მოთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება.
მას პირველადი სამედიცინო დახმარება დაწესებულებაში ჩაუტარდა და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
უწყების ცნობით, თვითაზიანების ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია გამოძიება.
თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
უწყებამ მოუწოდა ყველა საინფორმაციო საშუალებას, საზოგადოების დეზინფორმირების თავიდან არიდების მიზნით თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
ყველა ახალი ამბავი
0