საქართველოში პირუტყვის სულადობა მცირდება - ახალი სტატისტიკა

© National Food Agencyძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში ხორცის წარმოებამ 19 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11,1 პროცენტით მეტია.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. 2024 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა და 887,6 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 410,7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4,9%-ით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 198,1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10,9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,6 პროცენტით შემცირდა და 10,4 მილიონი ფრთა შედგინა.
მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში ხორცის წარმოებამ 19 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11,1 პროცენტით მეტია.
რძის წარმოება 8,9%-ით შემცირდა და 184,1 მლნ ლიტრი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 162,9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4,5 პროცენტით ნაკლებია.
პირუტყვის ექსპორტი და იმპორტი
2024 წლის აპრილ-ივნისში ექსპორტზე გავიდა 22 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს 50,9%-ით ნაკლებია. ამავე დროს ქვეყანაში შემოიტანეს 40%-ით მეტი სული - 4,9 ათასი.
საქართველოდან ექსპორტზე გატანილია 3 მლნ ფრთაზე მეტი ფრინველი (-22,6%), ხოლო შემოიტანეს - 2,3 მლნ ფრთა (-6,1%).
ცოცხალი ღორის იმპორტი გაიზარდა 6,4%-ით და 38,3 ათასი სული შეადგინა. წლის დასაწყისიდან ცოცხალი ღორის ექსპორტი არ განხორციელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0