„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის დელეგატები წარადგინა

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ოფისის გახსნა
„ქართული ოცნების“ოფისის გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2024
გამოწერა
ისინი ძირითადად პარლამენტის და თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატები არიან
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა საქართველოს პარლამენტის დელეგატი დეპუტატობის კანდიდატები, რომელთაგან თითოეული ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში იქნება პასუხისმგებელი საარჩევნო კამპანიაზე, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ ოლქის ამომრჩეველთა ინტერესებს პარლამენტში დაიცავს.
საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთაგან 30 ამომრჩევლების დელეგატი იქნება 30 საარჩევნო ოლქში. თითოეულ პარტიას უფლება აქვს თავის საარჩევნო სიაში პოტენციური დელეგატები მონიშნოს. დელეგატი იქნება ის, ვინც პარლამენტში მოხვდება და ამავდროულად რაიონში იმაზე მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე კონკურენტები სხვა პარტიებიდან.
დელეგატების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
გლდანი - ლადო ბოჟაძე, საკრებულოს წევრი
ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე, საკრებულოს წევრი, ნაძალადევის რაიონული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი
ისანი - ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონული ადმინისტრაციის უფროსი
სამგორი - ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტი, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ევროპული თამაშების მედალოსანი.
დიდუბე - ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ვაკე - ზუკა რურუა, ყოფილი კაპიტანი, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი;
საბურთალო - აკაკი ალადაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ
მთაწმინდა-კრწანისი - დავით კაჭარავა, პარლამენტის დეპუტატი.
„ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში 30 დეპუტატს. შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერთი კვირის წინ მან დაასახელა „ქართული ოცნების“ დელეგატი კანდიდატები დანარჩენ 22 საარჩევნო ოლქში. მათი უმრავლესობა პარლამენტის მოქმედი დეპუტატები არიან.
ბოლო გამოკითხვებით, პარლამენტში მოხვედრის შანსი 2-5 პარტიას აქვს. „ქართული ოცნება“ ლიდერობას დიდი უპირატესობით ინარჩუნებს, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნებით აცხადებენ, რომ პარტია პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ადვილად მოიპოვებს, მაგრამ გრძელვადიანი მიზნების განსახორციელებლად საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება - მინიმუმ 113 მანდატი.
გრძელვადიან ამოცანებს შორის სახელდება სამართლებრივი პროცესის დაწყება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებად გამოცხადებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
აქამდე საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით იმართებოდა. 77 დეპუტატს ირჩევდნენ პარტიული სიებით (პროპორციული სისტემა), ხოლო 73-ს - ერთმანდატიანი ოლქებიდან (მაჟორიტარული სისტემა).
ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 30-მდე შემცირდა, შესაბამისად, პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 120-მდე გაიზარდა.
დელეგატი დეპუტატები - მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით გამოწვეული ხარვეზის გამოსასწორებლად შემოღებული სიახლეა, განმარტავენ საქართველოს ხელისუფლებაში. როგორც მოსალოდნელია, დელეგატების წყალობით შენარჩუნდება კავშირი ამომრჩევლებსა და დეპუტატებს შორის.
ოპოზიცია დელეგატების ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოვიდა და ამ სიახლეს მაჟორიტარების ალტერნატივა უწოდა. ოპოზიციონერები მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდნენ საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული ნაწილის გაუქმებას, ვინაიდან სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ერთმანდატიან ოლქებში ტრადიციულად მმართველი პარტიის კანდიდატები იგებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0