საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე ჩქაროსნული გზები აშენებდება

© photo: Ministry of Finance of Georgia / FB„წითელი ხიდი“
„წითელი ხიდი“ - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2024
გამოწერა
საუბარია რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობაზე
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო შესყიდვების წესით გამოცხადდა ტენდერი საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან მიმავალი გზების მშენებლობაზე, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილებს წარმოადგენს. იტყობინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საუბარია რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობაზე, რომლებიც აღმოსავლეთი-დასავლეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების ნაწილია და საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან აკავშირებს.
„პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61,3 კმ სიგრძის, ოთხზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა“, - აღნიშნეს სამინისტროში.
საგზაო მონაკვეთების მშენებლობა დაყოფილია 4 ლოტად, რაზეც გამოცხადდა ორი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან, ეტაპობრივად, 30 თვეში დასრულდება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გამოყოფილია 250 მილიონი ევროს ოდენობის სესხი.
მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით, ჰოლანდიურმა კომპანიამ შეასრულა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და მოდერნიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროექტია, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0