საქართველოში ოპოზიციას უხილავი ხელი მართავს - ბექა ოდიშარია

© photo: Sputnik / Stringerწინასაარჩევნო სიმბოლიკა. „ნაცმოძრაობის“ ბანერი
წინასაარჩევნო სიმბოლიკა. „ნაცმოძრაობის“ ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2024
გამოწერა
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არჩევნების წინ დაიშალოს, რათა ცალ-ცალკე იყაროს კენჭი და საზოგადოება დააბნიოს
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქართულ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს უხილავი ხელი, რომელიც ცდილობს შექმნას ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი, რათა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას „შეფუთული“ შეაჩეჩოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლური ოპოზიცია გაერთიანდა სამ კოალიციაში, რომელთაგან ორი დაკომპლექტებულია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებით. მმართველი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ყველა ამ პარტიას უწოდებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ხელისუფლების დამხობას ცდილობს.
„დღეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის უხილავი ხელით მართული პროცესი. ეს უხილავი ხელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია თუ ვის წარმოადგენს, ცდილობს ააწყოს ფაზლი და შექმნას ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ ქართულ საზოგადოებას შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩოს“, - განაცხადა ოდიშარიამ.
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება წინასაარჩევნოდ იმის მიხედვით თუ რამდენად მომგებიანი იქნება ცალ-ცალკე მათთვის გასვლა, რომ საზოგადოების ესა თუ ის ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ.
„ზოგი „ახლებს” დაირქმევენ, ზოგი „ძველებს”, ზოგი „კონსერვატორებს”, ზოგი „პროგრესულ ძალებს”, „ფედერალისტებს”, „ევროპულ საქართველოს” თუ ა.შ. აქ შედეგს არავითარი გადაადგილება არ მოიტანს. ჯამი კვლავ ერთი იქნება. შესაკრებთა გადანაცვლებით ამ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება, ჯამი იგივე იქნება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ოპოზიცია აპირებს, რომ პარლამენტში შევიდეს და, რა თქმა უნდა, გაერთიანდეს საქართველოს და „ქართული ოცნების” წინააღმდეგ, დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
„შეეცდებიან, გაატარონ თავიანთი მავნე არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ დივერსიული დღის წესრიგი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამ კონტექსტში დეპუტატმა განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პარტია „ლელო“, რომელიც ვითომდა უმანკო ორგანიზაციაა, თავის დროზე აუთვისებელი ხმების საკუთარი პარტიისთვის მიზიდვისთვის შეიქმნა.
„ის იყო ჩვეულებრივი ლობისტური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტთან მიმართებაში მავნებლობდა. ყველანაირი საფუძველი გამოეცალათ, რათა პოლიტიკურ პარტიად იპოზიციონირონ“, - განაცხადა ოდიშარიამ.
პოლიტიკოსის თქმით, იგივე შეიძლება ითქვას პარტიაზე „საქართველოსთვის“, რომელიც ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ დააფუძნა.
„გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებზე შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა და ქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის ის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ხმები წაერთმია, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატის პირველ ტურში გამარჯვებას განაპირობებდა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ეს ასეც იქნებოდა, რომ არა გახარიას „ყალბი ნარატივი, თითქოს ის სათადარიგო „ქართული ოცნება“ იყო, ბიძინა ივანიშვილის რჩეული, რომელიც ადრე თუ გვიან ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით გამოვიდოდა ასპარეზზე“.
„ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ და სამუდამოდ ძალიან მსუყე წერტილი დაუსვა ამას, როდესაც საკუთარი ქვეყნისა და გუნდის მოღალატე უწოდა“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
მთავარი ინტრიგა იყო – შეძლებდა თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2021 წლის შემოდგომაზე ამომრჩეველთა ხმების 43%-ის აღებას.
„შარლ მიშელის შეთანხმების“ თანახმად, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, უნდა ჩატარებულიყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად გადაიქცა.
„ქართულმა ოცნებამ“ მეტი – 46,7% მიიღო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დახურულად გამოაცხადა.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0