ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2024
გამოწერა
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4116 ადამიანი გახდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. 2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობას ან სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.
გარდა ამისა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: მამა, დედა, ბებია და ბაბუა, მეუღლეები, პარტნიორი, შვილები, აყვანილი შვილები, დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილები, ძმები, დები, მეუღლის ან პარტნიორის მშობლები, შვილების პარტნიორები ან მეუღლეები, ყოფილი მეუღლეები, მეურვეები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ერთობლივ მეურნეობას უძღვებიან.
სულ რაღაც ექვს თვეში სამართალდამცავმა უწყებებმა დაარეგისტრირეს 2116 მსგავსი დანაშაული, რომლებიც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის შესაძლო გამოყენებით.
2024 წლის ექვს თვეში დაფიქსირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,4%-ით ნაკლებია. ამასთან, ექვს თვეში ყველა დაფიქსირებული დანაშაულის 81,1% გახსნილია.
ეს დანაშაული ყველაზე მეტად თბილისშია გავრცელებული. 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში დედაქალაქში ოჯახური ძალადობის შედეგად 1926 ადამიანი დაშავდა. შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი (463 დაშავებული), აჭარა (391) და კახეთი (363).
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 84,2% ქალია. ამასთან, საქართველოში ოჯახური ტირანების მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან.
გარდა ამისა, 2024 წლის პირველ ნახევარში ოჯახში ძალადობას 123 ბავშვი განიცდიდა. ბავშვებზე ძალადობა მსხვერპლთა რაოდენობით ყველაზე გავრცელებულია თბილისსა და ქვემო ქართლში.
საქართველოს ხელისუფლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.
გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საკითხებით დაკავებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი მათგანი დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს, უწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
ყველა ახალი ამბავი
0