არჩევნები-2024: კვალიფიციური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
17:04 20.08.2024 (განახლებულია: 17:14 20.08.2024)
გამოწერა
არაკვალიფიციურ პარტიებს, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, რეგისტრაციაზე განაცხადი 15 ივლისამდე უნდა შეეტანათ
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა - პროცედურა 17-მა პარტიამ გაიარა, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ მასალებში.
არაკვალიფიციურ პარტიებს, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, რეგისტრაციაზე განაცხადი 15 ივლისამდე უნდა შეეტანათ ცესკოში. ყველა პარტიას, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარედგინა არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა. ცესკოს განაცხადით 30-მა პარტიამ მიმართა.
„მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში - ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო)“, - ნათქვამია განცხადებაში.
დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა, 11-ს კი უარი ეთქვა.
11 პოლიტიკური პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები შემდეგია: 4-მა პარტიამ არ წარმოადგინა მხარდამჭერთა სიები; 5 პარტიას დაუდგინდა ხარვეზი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისას და მათ მიერ წარმოდგენილმა შესწორებულმა დოკუმენტაციამ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა; 2 პარტიის ხელმძღვანელს განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება.
ცესკომ გადაამოწმა ინფორმაცია 780.049 მხარდამჭერის შესახებ, რომელიც 27.119 ფურცელზე იყო წარმოდგენილი.
შედეგად რეგისტრაცია გაიარეს 17-მა პარტიამ:
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“
შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“
ისაკ გიორგაძის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო"
გიორგი თუმანიშვილის „მესამე გზა”
გიორგი ლილუაშვილი „საქართველო”
ავთანდილ ველთაურის „სოციალ-დემოკრატიული პარტია”
ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის”
კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“
კონსტანტინე გუგუშვილი „მემარცხენე ალიანსი“
დავით ჭიჭინაძის „ტრიბუნა“
გიორგი გაგნიძის „შეცვალე საქართველო“
ანა დოლიძის „ხალხისთვის“
გიორგი გაჩეჩილაძის „მწვანეთა პარტია“
გიორგი ბუჩუკურის „დემოკრატების ალიანსი"
გაიოზ მამალაძის „ქართველების ერთობა“
გიორგი პატარიძის „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“.
კამალ მურადხანოვის „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“
ცესკოს ინფორმაციით, ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებსაც რეალურად მხარდამჭერთა ბლანკზე ხელი არ მოუწერიათ.
„შესაბამისად, ცესკომ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ასეთ შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.
კვალიფიციური სუბიექტები, რომელთაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა - 30 აგვისტო) შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
„ლელო საქართველოსთვის"
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი"
„მოქალაქეები"
„ევროპული საქართველო"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
„სტრატეგია აღმაშენებელი"
„კანონი და სამართალი"
„ევროპელი დემოკრატები"
რესპუბლიკური პარტია"
„პროგრესი და თავისუფლება"
„სახელმწიფო ხალხისთვის".
საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.