როგორ უნდა გააშუქონ მედიებმა წინასაარჩევნო პროცესი - მარეგულირებლის ახალი გზამკვლევი

© photo: Sputnik / Stringerქართული ტელეარხების მიკრიდონები
ქართული ტელეარხების მიკრიდონები - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2024
გამოწერა
დოკუმენტში ასევე მოცემულია მედიის მიერ საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი ნორმების მიმოხილვა
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოაქვეყნა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გზამკვლევის მიზანია, მაუწყებლებისთვის მკაფიო და განჭვრეტადი გახადოს ის საკითხები, რომლებიც არჩევნების გაშუქებისას საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს.
გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი იქნება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას კომუნიკაციების კომისიის როგორც ხედვები, ისე კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევაში, კომისიის მიდგომები.
გზამკვლევში მიმოხილულია მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიან და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის კუთხით.
დოკუმენტში ასევე მოცემულია მედიის მიერ საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი ნორმების მიმოხილვა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საარჩევნო კოდექსისა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების შესაბამისად.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0