ოპოზიციურ „კოალიციას ცვლილებისთვის" ახალი წევრები შეემატნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2024
გამოწერა
პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მომავალ არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას და ერთობლივ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ ოფიციალურად შეუერთდნენ გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელშიც შედიან პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
„კოალიციაში ცვლილებისთვის" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდა სამი ოპოზიციური პარტია: „ახალი“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“. ჯერ კიდევ 9 ივლისს პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მომავალ არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას და ერთობლივ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ. კამპანია ტარდება როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე საზღვარგარეთ ემიგრანტებს შორის.
„ძალიან მიხარია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით ვდგავარ აქ, დღეს, ჩემს კოლეგებთან, ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლის ბრძოლა, უშიშრობა მთელ საქართველოს ნანახი აქვს. პროფესიონალიზმში მთელ საქართველოში არავის ეჭვი არ ეპარება. მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა იმედი ყოველთვის მექნება წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
მისი თქმით, მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საზოგადოებაში ისმის: როგორ უნდა მართოს ოპოზიციამ ქვეყანა, რომელიც 26 ოქტომბერს, როგორც პოლიტიკოსს მიაჩნია, უმრავლესობას მოიპოვებს.

„ამაზე პასუხი არის მარტივი - პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც უნდა მოიტანოს კოალიცია ოთხმა“, - განაცხადა სამნიძემ.

საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო. მათ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდნენ ასევე „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0