სამომხმარებლო საქონლის ბაზარი საქართველოში - ახალი კვლევა

© photo: Sputnik / Stringerდახლები სუპერმარკეტში
დახლები სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2024
გამოწერა
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაზარი გააგრძელებს ზრდას საშუალოდ 4%-ით 2024 და 2025 წლებში.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოში სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ბაზრის მთლიანი შემოსავლები, მოკლევადიანი ფაქტორებით განპირობებული ნახტომის შემდეგ, 2024 წელს დასტაბილურდება და ზრდა ძირითადად ბუნებრივი მოთხოვნით იქნება გამოწვეული, ნათქვამია TBC Capital-ის ბაზრის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, 2022 წელს ბაზარმა მკვეთრი ნახტომი განიცადა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის ეფექტით, მიგრანტების ზრდით და ინფლაციის გაზრდით, როდესაც ამ ბაზრის წლიური შემოსავალი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით გაიზარდა და 19,4 მილიარდი ლარი შეადგინა. უკვე 2023 წელს შემოსავლების ზრდა რისკ-ფაქტორების ეფექტის შემცირების გამო შენელდა და წლის განმავლობაში მხოლოდ 5% შეადგინა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაზარი გააგრძელებს ზრდას საშუალოდ 4%-ით 2024 და 2025 წლებში.
„ორგანიზებული FMCG ბაზარი მეტწილად არაორგანიზებული ბაზრის ხარჯზე განაგრძობს ზრდას და მისი წილი ბაზრის მთლიან მოცულობაში 2025 წლისთვის 45%-ს გაუტოლდება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზებული ბაზარი ხასიათდება მძაფრი კონკურენციით, რასაც ადასტურებს ბაზრის წილების ცვლილება დროის მოკლე პერიოდში. კერძოდ, თუ 2022 წელს ორგანიზებული ბაზრის წილი 30% იყო, მაშინ 2023 წელს მან 36%-ს მიაღწია, 2024 წლის ბოლოს კი, ანალიტიკოსების აზრით, 41% იქნება.
პანდემიის შემდეგ ორგანიზებული ბაზრის ზრდა ბუნებრივი მოთხოვნის აღდგენამ, არაორგანიზებული ბაზრის შთანთქმამ და ინფლაციის დინამიკამ განაპირობა.
„ორგანიზებული ბაზარი 2024 და მომდევნო წლებში მეტწილად რეგიონებში ექსპანსიით გაიზრდება“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
მათი მონაცემებით, თუ 2023 წლის მაისში სამომხმარებლო საქონლის ორგანიზებული ბაზრის მთლიან შემოსავალში რეგიონების წილი მხოლოდ 34,1%-ს შეადგენდა, მაშინ 2024 წლის მაისში - 37,6%.
ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში სამომხმარებლო საქონლის ორგანიზებული ბაზრის წილი 2023 წელს მთლიანი ბაზრის 18% იყო, ხოლო დასავლეთში – 39%. ბაზრის წლიური წილის ზრდა დასავლეთში 5% და აღმოსავლეთში 4% იყო.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე გაყიდვები ბოლო სამი წლის განმავლობაში სტაბილური რჩება და საშუალო ჩეკი 16 ლარს შეადგენს.
მძაფრმა კონკურენციამ ორგანიზებულ ბაზარზე მომგებიანობის მარჟების შემცირება გამოიწვია. დამატებით, გაზრდილი ხელფასები და მერყევი სავალუტო კურსი უარყოფითად აისახა ბაზრის საოპერაციო ინდიკატორებზე.
ყველა ახალი ამბავი
0