ელექტროკაბელის გაყვანა შავ ზღვაში: რა აჩვენა „საუკუნის პროექტის“ კვლევამ

© courtesy of GNERC official page Ладжанурская ГЭС
 Ладжанурская ГЭС - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2024
გამოწერა
კაბელის გაყვანა ხელს შეუწყობს ევროპაში საქართველოს როლის გაძლიერებას, მიაჩნიათ ეკონომიკის სამინისტროში
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო კვლევამ პერსპექტიულ და გამართლებულად აღიარა აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიით და შავი ზღვის გავლით რუმინეთამდე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად - განხორციელებადი, - აღნიშნულია კვლევაში, რომელიც სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსთვის პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს მონაცემებით, კაბელის გაყვანა ხელს შეუწყობს ევროპაში საქართველოს როლის გაძლიერებას.
„ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი სახელმწიფო. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს დამატებით „ახალი ევროპულ დანიშნულებას“ მისცემს და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში განისაზღვრა კაბელის ოპტიმალური შესაძლებლობები, განხორციელდა პროექტის მშენებლობის ღირებულების შეფასება და ეკონომიკური ანალიზი. ასევე დადგინდა კაბელის სახმელეთო და საზღვაო ნაწილების წინასწარი მარშრუტი, შემუშავდა პროექტის განხორციელების გეგმის და შესყიდვების სტრატეგია.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.
„პროექტის მარშრუტისათვის ასევე მოხდა ბუნებრივი გარემოსა და სოციალური საკითხების შესწავლა, საქართველოსა და რუმინეთისთვის მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სკრინინგის და სკოპინგის ანგარიშები. ასევე, შემუშავდა ზღვის ფსკერის გეოტექნიკური, გეოფიზიკური, ეკოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად საჭირო სამუშაოთა აღწერილობა და მომზადდა სატენდერო ტექნიკური დავალების დოკუმენტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ენერგოუსაფრთხოება პრიორიტეტში
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემა მოიცავს აუქციონის მეშვეობით 1,5 ათასი მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
2023 წელს საქართველოში მოიხმარეს 13,7 მლრდ კილოვატ/საათი ელექტროენერგია, რაც 2-22 წელთან შედარებით 7,4%-ით ნაკლებია.
გასულ წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ შეადგინა 14,4 მლრდ კილოვატ/საათი, რაც 2022 წელთან შედარებით 1%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0