დიდგორობა-2024: თეთრიწყაროში საზეიმო ღონისძიებები იმართება

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2024
გამოწერა
დიდგორის ველზე დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული ღონისძიებები.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“ იმართება.
ტრადიციულად დიდგორობა 12 აგვისტოს იმართება იმ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც ქართველებმა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მოიპოვეს.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს. ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
თეთრიწყაროში დიდგორობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ჩავიდა და მოსახლეობას დიდგორობა მიულოცა.
„დიდგორობა არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი ისტორია, ეს იყო ისტორიული გამარჯვება, რომელიც საფუძველი დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას. ეს არის სამაგალითო ბრძოლა, ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, სადაც სწორედ ერთიანობით, სიმტკიცით, ღირსებით გაიმარჯვა საქართველომ და ეს უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის დღესაც. დღესაც გვაქვს ჩვენ ურთულესი გამოწვევები ჩვენს წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე , მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ღირსებით, ერთიანობით, სიმტკიცით, პატრიოტიზმით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დიდგორის ველზე სადღესასწაულო ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყო. სტუმრებს დახვდათ საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, კულინარიულ, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშებს. ასევე, იმართება ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წვრთნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა.
გარდა ამისა, იმართება კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით ასევე, თეატრალიზებული პერფორმანსი „ჟამი იგი“ სადაც დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდება.
„დიდგორობა 2024-ის“ ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.
დღესასწაულის ისტორია
ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მიდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. დიდგორის მთის ძირში, „მისალოცავში“, საკულტო წესები სრულდებოდა. იქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას.
დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. იქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი.
ქართლის გარდა დიდგორობა აღინიშნებოდა ხევსურეთშიც.
ყველა ახალი ამბავი
0