ანტირეკორდი საქართველოში: პატიმრების რაოდენობა 2014 წლის მაჩვენებელს უახლოვდება

© photo: Sputnik / Stringerტუსთავის ციხე
ტუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2024
გამოწერა
1-ელი ივლისისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო ადგილი 84,1%-ით იყო შევსებული.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. პატიმრების რაოდენობამ საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 2014 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდა - 1-ელი ივლისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.367 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა
1-ელი ივლისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 4,1 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
1-ელი ივლისისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო ადგილი 84,1%-ით იყო შევსებული. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,4%.
პატიმართა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 52 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 65 პირი.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც განაჩენს ელოდებიან, 1-ელი ივლისისთვის მათი რიცხვი 1,9 ათასი იყო - ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 19 არასრულწლოვანი და 70 წელს გადაცილებული 24 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 191 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1-ელი ივლისისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 56 ქვეყნის 994 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 9,6%-ს შეადგენს. ამასთან 673 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 2 არასრულწლოვანი და 95 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის და მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 25 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასზე მეტი ქალი და 144 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 503 უცხოელი 37 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0