არჩევნები-2024: რეგისტრირებული პარტიების რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2024
გამოწერა
კვალიფიციური პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე 30 აგვისტომდე შეუძლიათ
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 28 პარტიიდან, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს განაცხადებით მიმართეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 პარტია დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს საიტზე.
პარტიებისთვის, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, რეგისტრაციის ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ყველა პარტიას, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარედგინა არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.
დღეის მდგომარეობით რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა:
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“
შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“
ისაკ გიორგაძის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო"
გიორგი თუმანიშვილის „მესამე გზა”
გიორგი ლილუაშვილი „საქართველო”
ავთანდილ ველთაურის „სოციალ-დემოკრატიული პარტია”
ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის”
კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“
კონსტანტინე გუგუშვილი „მემარცხენე ალიანსი“
დავით ჭიჭინაძის „ტრიბუნა“
გიორგი გაგნიძის „შეცვალე საქართველო“
ანა დოლიძის „ხალხისთვის“
გიორგი გაჩეჩილაძის „მწვანეთა პარტია“
გიორგი ბუჩუკურის „დემოკრატების ალიანსი"
გაიოზ მამალაძის „ქართველების ერთობა“
გიორგი პატარიძის „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“.
კამალ მურადხანოვის „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა პარტიებს „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს განვითარების პარტიას“, ევროპელ სოციალისტებს“, სახალხო პარტიას“, „ნაციონალურ-დემოკრატიულ პარტიას“, „ტრადიციონალისტებს“, საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას“.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.
კვალიფიციური სუბიექტები, რომელთაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა - 30 აგვისტო) შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
„ლელო საქართველოსთვის"
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი"
„მოქალაქეები"
„ევროპული საქართველო"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
„სტრატეგია აღმაშენებელი"
„კანონი და სამართალი"
„ევროპელი დემოკრატები"
რესპუბლიკური პარტია"
„პროგრესი და თავისუფლება"
„სახელმწიფო ხალხისთვის".
საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0