საქართველოში ძველი წესით სამხედრო სამსახურში გაწვევა ბოლოჯერ დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსამხედრო მოსამსახურეები აღლუმზე
სამხედრო მოსამსახურეები აღლუმზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2024
გამოწერა
1 იანვრიდან გაწვევა წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე განხორციელდება.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა საქართველოში 5 აგვისტოს დაიწყო და 28 დეკემბრამდე გაგრძელდება, მთავრობის შესაბამისი დადგენილება საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე 2,9 ათასზე მეტ ადამიანს გაიწვევენ, მათგან თავდაცვის ძალებში მხოლოდ 900 ადამიანი იმსახურებს.
პენიტენციურ სამსახურში გააგზავნიან 627 წვევამდელს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფში -1078 -ს, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი 320 წვევამდელს.
სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვეა.
ჯარზე უარის თქმა შეუძლიათ მათ, ვისაც გავლილი აქვთ ალტერნატიული სამხედრო სამსახური სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში; მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირებს; პარლამენტის წევრებს, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ პირებს და მათ რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იქნა ცნობილი.
სამხედრო სამსახურზე უარის თქმა შეუძლია ასევე დედისერთა ვაჟს ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას;
სამხედრო სამსახურის გადადება შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან თუ წვევამდელის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, ან არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, სწავლობს რეზიდენტურაში, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან თუ ის ერთადერთი შვილია ოჯახში. ან თუ ჰყავს ორი ან მეტი შვილი. შეღავათები ასევე ვრცელდება სასულიერო პირებზე, მასწავლებლებსა და სოფლის ექიმებზე.
წესები 2025 წლიდან შეიცვლება.
2025 წლიდან გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური". გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვის ვადით;
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვის ვადით;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
წვევამდელებს ერგებათ დასვენების დღეები და შვებულება, სამხედრო სამსახურის განმავლობაში მათ ასევე შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი სახელმწიფო უწყებაში მუშაობის შემთხვევაში, ყველა შეღავათი, რომელიც მას გააჩნდა გაწვევამდე და მიეცემა შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
სიახლის მიხედვით, გაწვევის გადავადება ერთხელ იქნება შესაძლებელი და 5 ათასი ლარი ეღირება.
ამასთან, ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ სამსახურს, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – ჯარში სამსახური წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.
მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო სამსახური ერთწლიანია და არ ითვალისწინებს შვებულებას.
ყველა ახალი ამბავი
0